მიმდინარე წლის 26 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრები გამართა ლუდსახარშებში: “ნატახტარი” და “ზედაზენი.” შეხვდა კომპანიების ტოპ მენეჯერებს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს.
ფინანსთა მინისტრი გაეცნო ორივე კომპანიის ბრენდული ლუდებისა და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს, დაათვალიერა საწარმოების კუთვნილი ლაბორატორიები, სადაც ადგილზე მოწმდება პროდუქციის ხარისხი.
ნოდარ ხადურმა დაათვალიერა შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია “ბარამბო.”| მოისმინა ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები. შეხვედრებს დაესწრო შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი.
“კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. დღეს გამართული შეხვედრები სწორედ ამას ემსახურება. ბიზნესისთვის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტა, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ბიზნესისთვის იყოს გარემო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და სოციალური პრობლემების მოგვარებას უზრუნვეყოფს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
“ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაეცა პასუხი. როგორც დღავანდელი გადასახედიდან ჩანს, ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს სახელმწიფოსგან, რაც აუცილებელი ფაქტორია ბიზნესისთვის. გამომდინარე აქედან, ის პოლიტიკა, რომელიც აქვს სამინისტროს, მხოლოდ წაადგება ბიზნესის განვითარებას,“ – განაცხადა კომპანია “ზედაზენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა.
“მისასალმებელია, ფინანსთა სამინისტროს, პირადად ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინიციატივა, ჩამოსულიყო “ნატახტარის“ ქარხანაში და ადგილზე გაცნობოდა ვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მინისტრს გავაცნოთ ჩვენი კომპანიის საქმიანობა და ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში,“ _ განაცხადა კომპანია “ნატახტარის” მარკეტინგის სამსახურის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.
აღნიშნული ტიპის შეხვედრებით, საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაა, თანამშრომლობა ბიზნესთან, მათი პრობლემების მოსმენა და გადაჭრის ერთობლივი გზების მოძიება. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.