_ „ბატონი რასმუსენისა და ივანიშვილის ერთობლივ ბრიფინგი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რუსეთის პოზიციის მიუხედავად, ნატოში გაწევრიანების არავითარი შანსი, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს პერსპექტივაში, ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო – ილუზიებით ნუ კვებავენ ჩვენს მოსახლეობას. დღეს ბატონმა რასმუსენმა პრაქტიკულად გვითხრა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა რაოდენობით იქნებიან ქართული ჯარის წარმომადგენლები ავღანეთში, რა რაოდენობის ჯარისკაცი დაიხოცება. ეს არ არის ბილეთი ნატოს კარში შესასვლელად.
მე არც არასდროს მქონია ილუზია, რომ 1500 კაცით ჩვენი იქ ყოფნა და ათობით ჯარისკაცის დაღუპვა ჩვენთვის ბილეთია ნატოში შესასვლელად, თუმცა ამას მუდმივად ხაზს უსვამდა, როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ახალი ხელისუფლებაც კი. გავიხსენებ პარლამენტის თავმჯდომარის ნათქვამს, რომ არათუ ნატოში შესვლისათვის არის ჩვენი ჯარის იქ ყოფნა საჭირო, არამედ თუ ჯარს გამოვიყვანთ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებიც კი წავლენო.
ამავე დროს, ბატონმა რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოში შესასვლელი ბილეთი გადის იმაზე, რასაც ქვია საქართველოში არსებული დემოკრატიული ფესვების გაღრმავება. რომელ დემოკრატიულ ფესვებზე ვლაპარაკობთ? იმაზე, რასაც ხალხმა ორი დღის წინ უყურა?
შეურაცხმყოფელია განცხადების მოსმენა, რომ მთავარი პრობლემა საქართველოში ყოფილა ლგბტ პირების უფლებების დაცვა და თურმე შემაშფოთებელია ის ძალადობა, რომელიც თბილისის ქუჩებში ვნახეთ. ოღონდ არავის გახსენებია 26 მაისის ძალადობა, საშინელი ციხის კადრები, არავის უხსენებია დღევანდელ ბრიფინგზე ის შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები, იმდენად შემაძრწუნებელი, რომ ადამიანმა უნდა სცადოს და თავი აარიდოს ამის ყურებას.
როდესაც ქვეყანაში სულ რაღაც ერთი წლის წინ მომხდარია 26 მაისი, როდესაც იმ ხელისუფლებამ, რომელთანაც კოჰაბიტაციას დაჟინებით მოითხოვს დასავლეთი და წარმატებით ახორციელებს ახალი ხელისუფლების ნაწილი, სიკვდილამდე მიიყვანა ათასობით ადამიანი და რამდენიმე მათგანი მოკლა 26 მაისის აქციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური იმიჯი დაეზარალებინა, – არ ახსენო ეს ყოველივე და ყურადღება გაამახვილო მხოლოდ ლგბტ აქციაზე, რომელზეც პრინციპში არ ყოფილა ზღვარგადასული ძალადობა, არის მიუღებელი. მინდა ვიფიქრო, რომ ნატოს გენერალური მდივანი უბრალოდ არ არის ინფორმირებული, მაგრამ აქ მეორე პრობლემა დგება: თუ არ არის ინფორმირებული, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა საერთოდ ვერ მუშაობს საგარეო არენაზე” _ აღნიშნა ბურჯანაძემ.