სამართალდამცველებს ამ დროისთვის გიგი უგულავასთვის ბრალი არ წაუყენებიათ, – ამის შესახებ ე.წ.მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს არ გადასცემია არანაირი საქმის მასალები და მათ მხოლოდ ზედაპირულად იციან, რომ დაკავება უკავშირდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. გარდა ამისა, ადვოკატები უგულავას დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ.
"ჩვენ შევხვდით უგულავას, მას დაკავების შემდგომ არ განუმარტეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რას ედავებოდნენ, რა თემაზეა დაკავებული, მას წარმოდგენა არ აქვს, უბრალოდ, მან იცის ზედაპირულად, რომ ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებული. საგამოძიებო სამსახურში გადაყვანის შემდგომ იგი ითხოვდა ადვოკატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას, რისი უფლებაც არ მისცეს, ესეც არის დარღვევა. ყველა ამ დარღვევის შესახებ ისაუბრებს უკვე სასამართლოზე", – განაცხადა გელხაურმა.
მისივე თქმით, უგულავა არ აღიარებს არანაირ ბრალს.
"მისთვის არ წაუყენებიათ ბრალი, ასევე არც ვიცნობ საქმის მასალებს, რადგან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ჩვენთან კომუნიკაციას არ ახდენს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკავებულს ბრალი 48 საათში უნდა წარუდგინონ, იმედია, როცა ეს მოხდება შეგვატყობინებენ", – განაცხადა გელხაურმა.