"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის მოხსნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მხრივ საკმაოდ გააქტიურდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"ჩვენ, დღეს, დაგვირეკეს სოფელ გომარეთიდან და გვითხრეს, რომ გლეხები არაფრით დაუშვებენ უცხოეულები მიერ მათი მიწების დაპატრონებას, ეს ხალხი აჯანყების ზღვარზეა და საჭიროა მთავრობამ გაითავისოს, რომ ქვეყნის წინაშე ასეთი ღალატისთვის აუცილებლად დაისჯებიან. "ქართული დასი" დადგება გლეხების გვერდით და არ დავუშვებთ არც ერთი გოჯის მიწის გასხვისებას".
ჯონდი ბაღათურია გიგი უგულავას დაკავებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ქმედება მხოლოდ პიარის ნაწილია.
"არავინ არ არის უგულავას დამჭერი, მისი დაჭერა რომ სდომებოდათ, აქამდე ათასჯერ დაიჭერდნენ, ეს დღეს პიარის ერთ-ერთი სახეა, რომელიც სჭირდება ორივე მხარეს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან გარიგებულია. ერთის მხრივ უგულავა წარმოჩინდა გმირად და მეორეს მხრივ, "ოცნებამ" თავი დაიფიქსირა, როგორც უკანონობასთან და დანაშაულთან მებრძოლმა. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და სხვა არაფერი. მათ იციან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ უბანზე, სადაც ისინი ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ, ხალხი არ მივიდეს საარჩევნო უბნებთან და არჩევნები ჩაიშალოს, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ ქართველი ხალხი უნდობლობას უცხადებს როგორც "ნაციონალებს", ასევე "ოცნებას".
დასის ლიდერის განცხადებით, აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა მოხდეს პარლამენტში არსებული ბალანსის გათანაბრება.