როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სიმბოლოს ავტორია მხატვარი მალხაზ შველიძე.
ლარის სიბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და განათლების სამინსიტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ლარის სიმბოლო ეფუძნება "ლას"-ის გრაფიკულ მოხაზულობას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სიმბოლოს შემთხვევაში ვალუტის დასახელების პირველი სიმბოლო გადახაზულია ერთი ან ორი პარალელური ხაზით.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართული ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში და შესაბამისად დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე.
"ლარის სიმბოლოს გამოყენება უფრო პრაქტიკულს გახდის ქართული ფულის რიცხვითი მნიშვნელობის მითითების პროცესს როგორც ქაღალდზე წერისას, ასევე კომპიუტერზე, სხვადასხვა შრიფტების გამოყენების ბეჭდვისას. ამგვარი სიმბოლოს შემოღებით ამაღლდება ეროვნული ვალუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა. ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სისტემაში თავსებადობის საკითხს, კერძოდ კი უნიკოდის სიმბოლოთა სტანდარტში რეგისტრაციას, აღნიშნულთან დაკავშირები კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს დახმარება უკვე აღუთქვეს და ლარის სიმბოლოს რეგისტრაციის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება", – განაცხადა ქადაგიძემ.