საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება ნოტარიუსის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ კერძო სათარჯიმნო ოფისის წარმომადგენელი (ე.ფ), თავის სათარჯიმნო ოფისში, წინასწარ იტოვებდა სხვადასხვა ენის თარჯიმნების მიერ ცარიელ ფურცლებზე შესრულებულ ხელმოწერებს, რომელთა გამოყენებითაც შემდგომში, თარჯიმნების უშუალო მონაწილეობის გარეშე, და შესაბამისად, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით, სამ სხვადასხვა ნოტარიუსთან მზადდებოდა და გაიცემოდა სანოტარო აქტები.
გამოძიებით დგინდება, რომ სამმა ნოტარიუსმა (მ.კ-მ, მ.ბ-მ და თ.ს-მ), ისე, რომ სანოტარო მოქმედების შედგენაში მონაწილე თარჯიმნები მათ სანოტარო ბიუროში არ მისულან, სანოტარო აქტის ტექსტები ნოტარიუსების თანდასწრებით მხარისათვის არ უთარგმნიათ და აქტებზე არც ხელი მოუწერიათ, ქართულ და უცხოურ ენებზე შეადგინეს და გასცეს ყალბი სანოტარო აქტები, რომლებზეც ხელი თარჯიმნების ნაცვლად, სხვა პირებს მოაწერინეს.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი ნოტარიუსი (მ.კ და მ.ბ), სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ერთი ნოტარიუსი, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში დახმარების ფაქტზე – კერძო სათარჯიმნო ბიუროს წარმომადგენელი (ე.ფ).
სულ საქმეში 6 პირი ფიგურირებს, მათ შორის სამი ნოტარიუსი, ნოტარიუსის ორი თანაშემწე და სათარჯიმნო ბიუროს წარმომადგენელი.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.