ოზურგეთი 12 ივლისს, მეორე ტურისთვის ემზადება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, შოთა გოგიბერიძე (აღნიშნულ პარტიაში "ეროვნული ფორუმიდან" თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გადავიდა).
წინასაარჩევნო კამპანია უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული.
მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემად დასაქმება რჩება. როგორც ოზურგეთელები ამბობენ, კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებიდან, სწორედ ამ საკითხის გადაჭრის გზები აინტერესებთ.
კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ოზურგეთში ბეგი სიორიძე აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი სწორედ სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება იქნება.
"მე ბიზნესიდან მოვდივარ და ვიცი რა რთულია, როცა სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოქალაქეების ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილები და ჩემი მოქალაქეები რომლებიც აღარ იქნებიან დამოკიდებულნი მხოლოდ სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებზე _ ესეც ჩემი ერთ-ერთი დაპირებაა! ჩემი აზრით, ქალაქის მერობა სწორედ ბიზნესმენის და მენეჯერის პოზიციაა. ეს მეურნე ადამიანის საქმეა, რაც მე კარგად ვიცი და რაშიც საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. მე მინდა ჩემი გამოცდილება ჩემს ოზურგეთელებს მოვახმარო," _ აცხადებს ბეგი სიორიძე.
მისი თქმით, ის მთლიანად იზიარებს ბიძინა ივანიშვილის შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნესმა.
ბეგი სიორიძე: "კარგად მახსოვს ბატონი ბიძინას სიტყვები, რომელიც მან არჩევნების პირველი ტურის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას იმის პირობები, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას. მთლიანად ვეთანხმები მის განცხადებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას და ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ხალხი. ამისთვის კი ხელისუფლებამ პირობები უნდა შექმნას. მე მზად ვარ და მაქვს იმის რესურსი, რომ შევქმნა ამის პირობები, ამიტომ ბატონი ბიძინას რჩევას დასაქმებასთან დაკავშირებით მე შევასრულებ ჩემი ოზურგეთელებისთვის."
(R)