მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დაიბარონ.
ამბობენ, რომ ხუნდაძემ 2014 წლის 28 მარტს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატელეფონო ზარი განახორციელა, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, გიორგი გოგიძის ოთახი გაჩხრიკეს და დალუქეს. ეძებდნენ მოსასმენ აპარატურას. დეპუტატი ეჭვობდა, რომ მასზე და მის თანაგუნდელებზე ამ ოთახიდან ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენა.
"გურია ნიუსის" რესპონდენტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გია კაჭარავა, გამგეობაში ოთახის დალუქვის ფაქტს ადასტურებს, რაზეც ოქმიც კი შედგა.
"გამგებლის მოადგილის, გიორგი გოგიძის ოთახში იმყოფებოდნენ მოქალაქეები ირაკლი ბაღიშვილი და ლაშა გურეშიძე, რომლებიც მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, რაღაც თემაზე საუბრობდნენ. ამ დროს, გამგებლის ოთახში შემოვიდა, განყოფილების უფროსი და ამბობს: აი, ახლა მირეკავს დიმიტრი ხუნდაძე, ანუ მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი ბრძანებით ოთახი უნდა დაილუქოს. ესენი დაიბნენ, რადგან ყველამ არ იცის კანონში როგორ წერია, აქვს უფლება თუ არ აქვს უფლება. გამოვიდნენ ოთახიდან და დაუტოვეს ისინი. მაგრამ, თავისთავად გაჩნდა ეჭვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა ოთახი აღწერილი, შეიძლება, რაღაც ცუდი მომხდარიყო, ანუ როცა ლუქს ადებდნენ აღწერა ხომ უნდა მომხდარიყო?! შედგა ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მითითებით და ა.შ. დალუქეს ოთახი, დაადეს პლომბი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დალუქულ ოთახში მოსასმენ აპარატურას ეძებდნენ. თითქოს ამ ოთახიდან ხორციელდებოდა მოსმენა. ანუ დეპუტატს ჰქონდა ეჭვი, რომ მასზე და გამგეობის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა მოსმენა და თვალთვალი."
გია კაჭარავას თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.
არის თუ არა მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტი დეპუტატისა და თვითმმართველო ორგანოს წარმომადგენლების მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება?
"გურია ნიუსთან" ამასთან დაკავშირებით, იურისტი კოტე კანდელაკი აცხადებს:
"თვითმმართველო ორგანოს წარმომადგენლებს, ვინმეს დარეკილზე ოთახის დალუქვის შესრულების არანაირი უფლება არ აქვთ. თუ ოქმში წერია, რომ დეპუტატის დარეკილით მოხდა ასეთი ფაქტი, თვითონ ის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ფაქტი განახორციელეს, თავიანთ უფლებამოსილებას გადაამეტეს. დეპუტატმა შეიძლება ბევრ რამეზე დარეკოს, მაგრამ, თუ ასეთი ზარი მართლა განხორციელდა და მითითება მისცა, გინდა თუ არა დალუქეთ, ეს სამართლებრივად მისი უფლებამოსილებას სცდება. თუმცა, პირველ რიგში გასარკვევია, ჰქონდა თუ არა დეპუტატის მხრიდან ზარის განხორციელებას ადგილი. თუ დეპუტატს რამე ეჭვი ჰქონდა უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მემართა. რადგან, დალუქვის უფლება მხოლოდ მათ აქვთ. დანარჩენ შემთხვევაში ეს აბსურდია. მას არანაირი ჩარევის უფლება არ აქვს და არც გამგეობის თანამშრომლები არიან ვალდებული, დეპუტატის მითითება შეასრულონ."
საქართველოს მთავარ პროკურატურაში "გურია ნიუსს" დაუდასტურეს, რომ სამი დღის წინ ნამდვილად შევიდა საჩივარი დიმიტრი ხუნდაძის წინააღმდეგ. თუმცა, დაიწყება თუ არა ამ საქმეზე მოკვლევა ჯერჯერობით უცნობია.
"გიდასტურებთ, რომ მოქალაქე გია კაჭარავამ სამი დღის წინ, ნამდვილად შემოიტანა საჩივარი დიმიტრი ხუნდაძის წინააღმდეგ. თუმცა, რომელ პროკურორს დაეწერა ეს საჩივარი ვერ გეტყვით. რადგან, სანამ პროკურორამდე მივა საქმე, გარკვეული ეტაპია გასავლელი."
"გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, დაკავშირდებოდა და "სმს" შეტყობინებაც გაუგზავნა, საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს. თუმცა, დეპუტატი ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს და არც "სმს" შეტყობინებაზე მიგვიღია პასუხი.
თუ, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირები, სურვილი ექნება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, "გურია ნიუსი" მას ამის საშუალებას მისცემს.