"შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ აღნიშნულ უბანზე არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე სახის პრობლემა ყოფილა. მე თავად გახდით ამ უბანზე და პირადად შევამოწმე ყველაფერი. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით, შემოვიდა თუ არა ჩვენთან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რასაც ბატონი შოთა გოგიბერიძის შტაბი ავრცელებს, შემიძლია გიპასუხოთ, რომ არანაირი საჩივარი ჯერ არ შემოსულა" _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბრისას ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზვიად თენეიშვილი.
საარჩევნო დღე ოზურგეთში ოპოზიციონერი კანდიდატების მხრიდან განცხადებებით დაიწყო. ოპოზიციონერი კანდიდატის შოთა გოგიბერიძის შტაბის აქტივისტმა სოსო ერქომაიშვილმა განაცხადა, რომ მას კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგი სიორიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ბეგი სიორიძის შტაბი.
ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბი აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და მცდელობა, არაჯანსაღი სიტუაცია შექმნან პროცესის მიმდინარეობისას.
"ჩვენ ვემიჯნებით მსგავს პროვოკაციებს, ვაცხადებთ რომ ჩვენი სურვილია არჩევნებმა მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიაროს", _ აცხადებს ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბის უფროსი გელა კობალაძე.