"ფოთის საარჩევნო უბნებთან მობილიზებული "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თანხებს არიგებენ და კონკურენტი კანდიდატის მომხრეებზე ზეწოლას ახდენენ", _ ამის შესახებ მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელი მამუკა გობეჩია აცხადებს.
"მედიაკავშირ "ობიექტივის" წარმომადგენლები არ შეუშვეს ფოთის მე-2, მე-9 და მე-19 უბნებზე. განსაკუთრებით აქტიურობდნენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები. მე-5 საარჩევნო უბანზე იყო მცდელობა, რომ მედიაკავშირ "ობიექტივის“ წარმომადგენელი იმ მოტივით, რომ თითქოს უბანზე არ შეიძლება ერთი პრესის ორი წარმომადგენელი იყოს. არადა, საარჩევნო კოდექსის #44 მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ უბანზე ერთი და იგივე მედიის 3 წარმომადგენლის ყოფნაა დასაშვები. საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ისინი არიგებენ თანხებს და ასევე კონკურენტი კანდიდატის მომხრეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ", _ აცხადებს გობეჩია "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში.
როგორც "გურია ნიუსს" შტაბის წარმომადგენელმა ლელა გაბეჩავამ უთხრა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
„გადავამოწმეთ გავრცელებული ინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ გაბეჩავამ.