მცხეთაში, 13 ივლისს, 12 მოციქულის ხსენების დღეს, წმინდა ნინოს გზა დასრულდა. გზის მონაწილეებს სვეტიცხოველის ტაძარში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სიგელები გადასცა.
ლოცვითი მსვლელობა, წმინდა ნინოს ნაკვალევზე, პირველ ივნისს ჯავახეთიდან, ფარავნის ტბიდან იწყება. მონაწილეები პირველი ივნისის ღამეს ფოკაში ათენებენ, იქ სადაც თავად წმინდანმა გაათია ღამე და მეორე დღეს, წირვის შემდეგ იწყება მსვლელობა. გზას, უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხელმძღვანელობს და ის თვე-ნახევარის მანძილზე, 1 – ივნისიდან 13-ივლისამდე, მიმდინარეობს. წელს ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობა 57 – მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"წმინდა ნინოს გზა 1989 წლიდან ეწყობა. მონაწილეებისთვის ამ გზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი დაახლოებით გადიან იმ გზას, რაც გაიარა წმინდა ნინომ. ლოცვითი მსვლელობა მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვისაც, ვისთანაც სახლებში მიდიან გზის მონაწილეები და წმინდა სიტყვა მიაქვთ. როგორც წესი, ისინი მათ დიდი სიხარულით ხვდებიან. გზაზე მოგზაურობს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და ხატი. წელს ასევე მოგზაურობდა თამარ მეფის ხატი, რადგან თამარ მეფეს ძალიან უყვარდა ჯავახეთი", _ ამბობს დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი, რომელიც ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში მსახურობს და წმინდა ნინოს გზის მსვლელობას მეთვალყურეობს.
წმინდა ნინოს გზის მონაწილეებს საღამოს დედათა მონასტრის მონაზონი მართა მიუძღოდა, რომელმაც პირველად მიიღო მონაწილეობა ამ მსვლელობაში:
"საქართველოში ჯავახეთის მთებით, ღვთისმშობლის კურთხევით, შემოვიდა წმინდა მოციქულთა სწორი ნინო და ჩვენც ამ გზას მივყვებით. აღსანიშნავია, რომ წელს თამარ მეფის ხატი მობრძანდება. საღამოს დედათა მონასტერი, სადაც მე ვარ, თამარ მეფის სახელობისაა და ორმაგად გახარებული ვარ, წმინდა ნინოს და თამარ მეფის ხატი რომ მოგზაურობს საქართველოში. მსვლელობის დროს მოვილოცეთ ქალაქები, სოფლები. საოცარი შეხვედრები იყო. მეტირებოდა, როცა ვხედავდი, ხალხი როგორ მორბოდა ხატებთან სამთხვევად. თვალებიდან არ ამომივა ასეთი შემთხვევა. ტაძარში ხატები როდესაც დავაბრძანეთ, ერთი მოხუცი ქალი მოვიდა და თამარ მეფის ხატს ეუბნებოდა: "თამარ მეფე, როგორც შენ დროს იყო საქართველო გაბრწყინებული, დაგვიბრუნე ისეთი საქართველოო". მეც ამეტირა, ამ ქალმა ასეთი სიყვარულით რომ გამოხატა სათქმელი", _ გვითხრა დედა მართამ.
მონაწილეები სკვნილზე ლოცვით, მდუმარებით, მწკრივად მიუყვებოდნენ გზას. 2014 წლის წმინდა ნინოს გზაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მსვლელობაში მონაწილეობის მიღების დიდი ტრადიცია აქვთ. მარიამ ხუციშვილი მეორედ იყო გზაზე და მომავალ წელსაც აპირებს წამოსვლას.
"ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ გზამ, გავიცანი ბევრი ადამიანი, რომლებიც ძალიან შემიყვარდნენ. მიჭირს მათთან დაშორება, რადგან ისინი ჩემი ოჯახის წევრებივით არიან. მეტირება, მათთან დაშორება რომ მიწევს. გზაზე მწკრივში ერთად ლამაზად დავდიოდით, გვყავდა ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენ ყურადღებას გვაქცევდა. ხალხი რომ გვხვდებოდა გზაში, ზოგმა არ იცოდა საერთოდ, რას წარმოადგენდა ჩვენი ეს მოგზაურობა. ოჯახებში, რომ ვრჩებოდით, ვუხსნიდით, რატომ დავდიოდით. სურვილი გვინდოდა გაგვეჩინა, რომ თვითონაც წამოსულიყვნენ წმინდა ნინოს გზაზე", _ გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები მარიამ ხუციშვილმა.
(ფოტო: ლევან გოგოლაძე)























































.jpg_2784.jpg)



























