"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა", არჩევნების წინ, შემოწირულობის სახით 151 ათასი ლარი მიიღო, თუმცა დოკუმენტაციით, რომელიც პარტიამ აუდიტის სამსახურს წარუდგინა, დადგინდა, რომ 64 ათასი ლარი კანონდარღვევით იყო შეწირული, რისთვისაც ივნისში 'საქართველოს პატრიოტთა ალიანსი' 5 ათასი ლარით დაჯარიმდა."გურია ნიუსის“ კითხვაზე – რატომ არის განსხვავებული მონაცემები აუდიტის სამსახურის მიერ მოპოვებულ და პარტიის გამოქვეყნებულ ინფორმაციებს შორის და რა არის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყარო, დავით თარხან-მოურავი გვპასუხობს:
“ჩვენმა პარტიამ ამ არჩევნებზე სულ 200 ათასი ლარი დახარჯა. ჩვენზე მეტი დახარჯა ყველა სხვა პარტიამ, ვინც კი 3%-ს გადააჭარბა. ვიღაცამ -400 ათასი, ვიღაცამ -800 ათასი, ვიღაცამ 8 მილიონი.
ჩვენს განაცხადში, რომელიც აუდიტის სამსახურს ჩავაბარეთ, მითითებულია ყველა შემომწირველის სახელი და გვარი. ყველაზე დიდი შემოწირულობა 10 ათასი დოლარი (17 ათასი ლარი) იყო, არაფერი დაგვიფარავს.
რაც შეეხება ჯარიმას. პარტია, კანონმდებლობის უკანონობის გამო დაჯარიმდა. ეს კანონი მიხეილ სააკაშვილის დროს შეიქმნა, სადაც წერია, რომ პირს, რომელსაც პარტიის სახელზე შემოწირულობა შეაქვს, ჯერ ბანკში ანგარიში უნდა გახსნას, შეიტანოს იქ თანხა და იქედან გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე. თუმცა ჩვენს შემთხვევაში შემდეგი რამ მოხდა – კაცმა მიიტანა ბანკში თანხა და პირდაპირ, არა თავისი ანგარიშიდან, არამედ ბანკიდან გადმორიცხა. ამის გამო დაგვაჯარიმეს და ვთვლი, რომ ეს არასწორი და უკანონობაა. რა მნიშვნელობა აქვს საიდან გადმოირიცხება თანხა, რა ანგარიშიდან, როდესაც დაფიქსირებულია ყველა ადამიანის სახელი, გვარი, მისამართი და თანხის ოდენობა?
ამის გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ 51 ათასი ლარი არასწორად არის შემოწირული“, _ აცხადებს თარხან-მოურავი.
რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, მისივე განმარტებით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მხოლოდ შემომწირველებით ფინანსდება და სხვა სახის დაფინანსება პარტიას არა აქვს.
"კანონით, პარტიის დაფინანსების მხოლოდ ორი წყაროა – სახელმწიფო, ან შემომწირველები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო თანხას არ გვიხდის, ამიტომ მხოლოდ შემომწირველებზე ვართ დამოკიდებული.
თუ ჩვენ 200 ათასი შემოგვწირეს, სხვა პარტიას 8 მილიონიანი შემოწირულობა ჰქონდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვენი აზრით რამდენი მიიღო? რა დაფინანსება ჰქონდა "ქართულ ოცნებას“? მან არ მიიღო მილიონები? სხვა პარტიამაც მიიღო მილიონები. ჟურნალისტებმა გაარკვიეთ, ვინ რა მიიღო, ეს ჩემი ფუნქცია არ არის“, _ განაცხადა დავით თარხან-მოურავმა "გურია ნიუსის“ შეკითხაზე ტელეკომპანია "კავკასიის“ ეთერში, გადაცემა "ბარიერში“.
































































