ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. ამ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებს თუ ვინ დარჩება თანამდებობებზე.
ცნობისთვის, თანამდებობები დატოვეს უკვე სოფლის რწმუნებულებმა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის უფროსი მაკა სულაბერიძე, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ამოქმედდა ახალი „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. იმის გამო, რომ ახალი თვითმმართველობის კოდექსი აყალიბებს გამგეობის ახალ სტრუქტურას, რომელშიც აღარ შედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. მოხდა ხსენებული პირების თანამდებობიდან გათავისუფლება.
"ადმინისტრაციულ ერთეულებში ამიერიდან იქნება გამგებლის წარმომადგენელი, რომელიც დაინიშნება ახალარჩეული გამგებლის ცნობის შემდეგ", _ გვითხრა მაკა სულაბერიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპზე 6 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე.
საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძის თქმით, ეს ადამიანები ფრაქციის და კომისიების თანამშრომლები იყვნენ.
"ჩვენ არავინ გაგვიშვია სახლში. ისინი იყვნენ ფრაქციის თანამშრომლები. მათ ავტომატურად შეუწყდათ ხელშეკრულება."