გომბორში ხეების ჭრის შესახებ "გურია ნიუსს" საგარეჯოდან დღეს აცნობეს.
"სოფელ გომბორში, აზერბაიჯანელების უბნის ზემოთ დანომრილი, ჯანმრთელი ხეები იჭრება. უბნიდან 5 "უაზით" და ცხენებით დადიან. ყოველ ღამე იტვირთება დიდი მანქანა და მიაქვთ სართიჭალაში. ადრე ეშინოდათ და არ ჭრიდნენ. ახლა სრული განუკითხაობაა. საგარეჯოს სატყეოს უფროსი იყო მისული და ასე უთხრა იმ ხალხს, დამალეთ მაინც რასაც ჭრით, ასე აშკარად ნუ აწყობთო. მეტყევე ლოთია და რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ. გომბორში მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახია ამაში ჩართული. თუ უცხო მანქანას დაინახავენ ურეკავენ, ხეებს ვინც ჭრის მათ და ისინიც მაშინვე მალავენ "დრუჟბებს", _ ამბობს წყარო, რომელმაც სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.
გომბორში არსებული ხეების ჭრის პრობლემის შესახებ, ცნობილია კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილისთვის. გუბერნატორის თქმით, მოსახლეობამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში მასთან შეხვედრისას გომბორის ტყის შესახებ ისაუბრა.
"საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრისას დაისვა ეს საკითხი და ვთხოვე გარემოს დაცვის ადგილობრივ ინსპექციას და სატყეო სააგენტოსაც, ყურადღების ქვეშ ჰყოლოდა ეს რეგიონი. მე რამდენადაც ვიცი, მკაცრი ზომები მიიღეს და მაქსიმალური ყურადღებაც ექცევა. თუმცა დაჯარიმდა თუ არა ვინმე, ამ ეტაპისთვის ჩემთვის უცნობია. მას შემდეგ ჩემთან მსგავსი სახის პრობლემა არ დასმულა. თუ ჩემთან წერილობით შემოვა მოსახლეობისგან საჩივარი, ოფიციალურადაც მივმართავ სამინისტროს".
ჩვენს კითხვაზე, ჩავა თუ არა გუბერნატორი ადგილზე, სადაც ისევ გრძელდება ხეების ჭრა და ამას "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილშიც ადასტურებენ, გვპასუხობს:
"ტელეფონიც იციან ჩემი და ოფიციალურადაც შეუძლიათ მომართონ. იქნებ თქვენმა წყარომ ჩვენც მოგვწეროს. ვის ეშინია? მოსახლეობაში რომ დავდივარ, ჩვეულებრივ ვისმენ მათ პრობლემებს. ეს ხომ მარტო ერთი ადამიანის პრობლემა არ იქნება, გაერთიანდნენ და ერთიანი წერილი შემოიტანონ", _ ამბობს შიოლაშვილი.
ჩვენ დავინტერესდით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა რას აკეთებს გომბორში არსებული ხეების ჭრის მოსაგვარებლად. საგარეჯოს ახლადარჩეულმა გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად "გურია ნიუსის" ზარებს არ უპასუხა.
რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, უწყებაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვისაც ცნობილია და მუშაობენ მის აღმოსაფხვრელად:
"ეროვნული სატყეო სააგენტო ფლობს ინფორმაციას, გომბორში არსებული დარღვევების და უკანონო ჭრების შესახებ. დაახლოებით 2 კვირის წინ მივიღეთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და თანამდებობიდან გავათავისუფლეთ საგარეჯოს სატყეო სააგენტოს უფროსი. ამჟამად, ადგილზე მუშაობს სამინისტროს მონიტორინგის სამსახური და დეტალურად სწავლობს იქ არსებულ ვითარებას. ვინდა განვაცხადოთ, რომ ახალი მთავრობის პირობებში ძალიან გამკაცრებულია ხეების ჭრაზე კონტროლი, როგორც ამ უბანზე ისე, მთელი საქართველოს მასშტაბით", _ აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.