გურიაში მომხდარი ბოლოდროინდელი სტიქიის (ძლიერი ქარის) შედეგად , მოსახლეობას თხილის და სხვა ხილის მოსავალი გაუნადგურდა.
ოზურგეთის სხვადასხვა სოფლებში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მოხდა ზარალის პირობითი აღწერა. ერთის მხრივ ამ ფაქტს ურყოფითი შეფასება მოჰყვა იმ მხრივ, რომ არაერთმა ფერმერმა ზარალის ისეთი რიცხვი დაასახელა, ყველაზე უხვი მოსავლის პირობებშიც კი, მისი პლანტაცია ასეთ მოსავალს არ იძლევა. თუმცა, ხალხის დიდმა ნაწილმა მოითხოვა, შექმნილიყო კომისია, რომელიც თითოეულ ოჯახში მივიდოდა და ზარალს თვითონ შეაფასებდა.
"ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ მოგვატყუეს, ვითომ ზარალს აგვინაზღაურებდნენ, თორემ თავისი კომისია მოეყვანათ, თუ ხალხის დასახელებული რიცხვი იყო არასწორი და იმათი დათვლილის მიხედვით მოეცათ ჩვენთვის კომპენსაცია. ამდენი ტყუილი სანამდე ვუთმინოთ ამ ხელისუფლებას, ამისთვის ავირჩიეთ?", _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაზარალებული ფერმერები, არკადი ლომჯარია, მაია ქავთარაძე, ეთერ ლომჯარია, დათო კვირკველია, ნინო დოლიძე, დავით სალუქვაძე, ლადო სალუქვაძე….
მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება და როდის? ჩვენ ამის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, კონსტანტინე სარიშვილს.
"გეტყვით იმას, რომ ანაზღაურების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვიღაცეები ავრცელებენ ხმებს, რომ ხდება ანაზღაურება, ასახელებენ თანხის სხვადასხვა რაოდენობას კილოგრამი თხილის მიხედვით, თუმც, მე ვერაფერს გეტყვით. ასეთი არაფერი ხდება დღეისთვის", _ გვითხრა სარიშვილმა.