ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობაში დეპუტატად ხუთი ქალბატონია არჩეული. აქედან ერთი, ლელა ნაცვალაძე "ბურჯანაძე-დემოკრატების" წარმომადგენელია, ერთი, ლალი სიჭინავა – დამოუკიდებელი, სამი კი "კოალიცია ქართულ ოცნებას" წარმოადგენს – როზეტა სკამკოჩაიშვილი, ინგა დუმბაძე და ლელა საჯაია.
ხუთივე ქალბატონმა ჩვენთან საუბარში გამოხატა საკუთარი მისწრაფება, ქალთა პრობლემებზე გაამახვილონ ყურადღება.
ლელა ნაცვალაძე მიიჩნევს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უკვე შექმნილია, უნდა გახდეს ოჯახი ყველა დეპუტატი ქალბატონისთვის.
"ჩემი მიზანია, რომ ახლა ამ საბჭოს წევრი გახდეს ყველა ის დეპუტატი ქალბატონი, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა, შევიდეს ამ საბჭოს შემადგენლობაში და შემდეგ ერთდროულად ვიმუშაოთ სხვადასხვა პროექტებზე. დავინტერესდებით, რაც შეიძლება მეტი ქალის ბიზნესში ჩაბმით, ეს არის დღევანდელობის გამოწვევა",_ ასე ხედავს უახლოეს სამუშაო პროცესს საკრებულოში ლელა ნაცვალაძე.
დეპუტატ ლელა საჯაიას უფრო შორეულ მიზანი აქვს:
"ჩვენ შევქმნით იმის საფუძველს, რომ მომავალ საკრებულოში უფრო მეტი ქალბატონი იყოს, ვიდრე დღესაა. საზოგადოებრივ სარბიელზე, განსაკუთრებით საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ნაკლებად არიან ქალები და ეს ტენდენცია უნდა გაქრეს თანდათან. "
დეპუტატ ლალი სიჭინავას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა მძიმე სოციალური ყოფა აწუხებს და სურს, მათ როგორმე შეუმსუბუქდეთ ეს მდგომარეობა.
"რომ გითხრათ, ზუსტად ვიცი, როგორ მოევლება ყოველივე ამას, მთლად მართალი არ ვიქნები, თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით დავუჭერთ მხარს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე", _ მიიჩნევს დეპუტატი.