ხობის გამგებელმა, ცხრა რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. დღეიდან რინული ნოდია -ახალსოფლის რწმუნებული, ნუგზარ ჭაღალიძე – შავღელის რწმუნებული, ავთანდილ კვარაცხელია -საჯიჯაოს რწმუნებული, ფლორა ბუზალაძე – თორსას რწმუნებული, ნანა კაკულია – ხამისკურის რწმუნებული, ზაალ ბერაია – პირველი ხორგას რწმუნებული, შერენა გელენიძე – ჭალადიდის რწმუნებული, გოჩა როდონაია – ნოჯიხევის რწმუნებული და ხობის ქალაქის რწმუნებული ხვიჩა შონია, თანამდებობებზე აღარ არიან.
გათავისუფლებულების თქმით, მათი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხორავას კარდები არიან და ახალმა გამგებელმა, გოჩა ქაჯაიამ პირადი დაპირისპირების საფუძველზე გაათავისუფლა. ყოფილი რწმუნებულები იმასაც ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს, ედიშერ ჯობავას საკუთარი კადრების მიყვანა უნდა და ძველ კადრებს ათავისუფლებს.
გათავისუფლებულებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ გამგებელს სასამართლოში უჩივლებენ.
გათავისუფლების მიზეზად პირად დაპირისპირებას უარყოფენ გოჩა ქაჯაია და ედიშერ ჯობავა, ამ უკანასკნელის განცხადებით მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რაც ჩვეულებრივი პროცესია და გამომდინარე იქიდან, რომ რწმუნებულების ინსტიტუტი გაუქმდა, ამიტომ მოხდა მათი გათავისუფლება.
"რწმუნებულები აღარ არსებობენ, შემოვიდა ახალი თანამდებობა – გამგებლის წარმომადგენელი სოფელში, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩვენ გვინდა შევარჩიოთ ერთიანი და საქმეზე ორიენტირებული გუნდი. საკმაოდ მტკივნეული პროცესია, მაგრამ ჩვენ ვუთხარით განთავისუფლებულ რწმუნებულებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისინი დასაქმებულები იყვნენ. მათი ნათქვამი, რომ ეს პროცესი პოლიტიზირებულია, სიმართლეს არ შეესაბამება", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.