ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებენ, რომ დღეს, თბილისის მოსახლეობის წინაშე სხვადასხვა სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემები დგას და აუცილებელია ამ საკითხების უმოკლეს დროში მოგვარება.
ორგანიზაციამ სარეკომენდაციო წერილი შეადგინა, რომლითაც დედაქალაქის ახალ მთავრობას მიმართა. როგორც "ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტმა ნინო ისაკაძემ განაცხადა, ამ პრობლემების მოგვარება წინა მთავრობამ ვერ შეძლო, სწორედ ამიტომ ახალი მთავრობისა და ქალაქის მერისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ.
"დაიწყოს ქალაქის განაშენიაენების გეგმის შემუშავება და სტრატეგიული დოკუმენტის მომზადება, რომელიც თბილისის განაშენიანების ახალ პრინციპებს განსაზღვრავს.
ახალი მშენებლობები დაექვემდებაროს სამშენებლო სფეროში აღიარებულ სტანდარტებს;
გადაიხედოს დედაქალაქის მოქმედი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც არ პასუხობს რეალურ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნებს;
გადაიხედოს თბილისის მერიასა და შპს "თბილისის მიკროავტობუსს" შორის დადებული ხელშეკრულება, დადგინდეს ტენდერის გამჭვირვალობის საკითხი, რომლითაც აღნიშნულ შპს-ს მიეცა ექსკლუზიური უფლება დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში;
გადაიხედოს და გასაჯაროვდეს თბილისის მთავრობასა და "სითი-პარკს" შორის დადებული ხელშეკრულება და მოხდეს ამ ხელშეკრულების დასრულება;
ამოქმედდეს ახალი რეგულაციები დედაქალაქში ლიფტების მომსახურებასთან დაკავშირებით;
თბილისის მერიამ შექმნას კომისია, რომელიც შეისწავლის დისკრიმინაციისა და პოლიტიკური ნიშნით 2003-2014 წლებში, თბილისის მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირთა საქმეებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებით;
შესწავლილ იქნას უმნიშვნელოვანესი შეცდომა -"ბაღების საქმე", რომლითაც 2007 წელს დედაქალაქის ბაღების ოპტიმიზაციის სახელით, საგანმანათლებლო სისტემიდან არაერთი კვალიფიციური თანამშრომელი გაათავისუფლეს", _ ნათქვამია დავით ნარმანიასადმი გაგზავნილ სარეკომენდაციო წერილში.
როგორც ისაკაძემ განაცხადა, "ახალგაზრდა ადვოკატები" მზადაა თბილისის მერიას აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება გაუზიაროს.