მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 399 495 ლარია დახარჯული.
"გამოძიების მასალებიდან დგინდება რომ 2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ მან საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. „ბოტოქსი“-სა და ეპილაციის პროცედურების ჩასატარებლად“ _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა ექსპრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კოსმეტიკური ხარჯების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.
_ რაც შეეხება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან 8 837 461 ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს, _ აცხადებენ პროკურატურაში.
ამის დასტურად, უწყებამ სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად, კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილის გაასაჯაროა. (იხ. დოკუმენტი1; დოკუმენტი2; დოკუმენტი3; დოკუმენტი4; დოკუმენტი5; დოკუმენტი 6; დოკუმენტი 7; დოკუმენტი 8; დოკუმენტი 9; დოკუმენტი 10; დოკუმენტი 11; დოკუმენტი 12; დოკუმენტი 13; დოკუმენტი 14; დოკუმენტი 15; დოკუმენტი 16; დოკუმენტი 17; დოკუმენტი 18; დოკუმენტი 19; დოკუმენტი 20; დოკუმენტი 21; დოკუმენტი 22; დოკუმენტი 23; დოკუმენტი 24; დოკუმენტი 25; დოკუმენტი 26; დოკუმენტი 27; დოკუმენტი 28)
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სდსს-ის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნითაცაა დადასტურებული.