2001 წელს, სოფელ ასკანაში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია აშენდა. ამ დღიდან მოყოლებული, საფუძველი ჩაეყარა ასკანობის დღესასწაულს, რომელიც სახალხო ზეიმად იქცა.
ხვალ, 30 აგვისტოს, ასკანაში, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ადგილობრივები და მოწვეული სტუმრები, სადაც მეცამეტედ აღნიშნავენ სოფლის სახელობის დღესასწაულს.
ღონისძიების ორგანიზატორი და ამ დღესასწაულის სულის ჩამდგმელი ზაურ და ციალა ჩხაიძეების ოჯახია.
როგორც KTW ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ამ დღესასწაულის მიზანი ადამიანების დაახლოება და სოფლის გამოცოცხლებაა.
"ხვალ, ასკანობის ტრადიციულ დღესასწაულზე, მოწვეულნი იქნებიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სტუმრები თბილისიდან და უცხოეთიდან.
ჩატარდება სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრების სხვადსხვა სახეობაში, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მათ ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
შეჯიბრი ჩატარდება ტრადიციულად დოღში. ასკანობის დღესასწაული მუსიკალურადაც იქნება გაფორმებული და სცენას ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები დაამშვენებენ."
ხვალვე ყველაზე პატარა ასკანელებს, ახალშობილებს, ფულადი პრემიები გადაეცემათ.
ეს ტრადიცია ზურაბ ჩხაიძემ 5 წლის წინ შემოიღო და დღემდე გრძელდება.
მოწვეული სტუმრები, ასევე დაათვალიერებენ ROYAL ასკანას მშენებლობას და წყლის მაგისტრალის ახალ პროექტს, რომელიც ასკანასა და კიდევ სამი მიმდებარე სოფლის მოსახლეობას წყლის მიწოდებით უზრუნველყოფს.
(R)