გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე – ამ სახელწოდებით Facebook-ზე ახალი გვერდი შეიქმნა.
ამავე გვერდზე გავრცელდა პეტიცია, რომლის ტექსტს გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
"პეტიცია : შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის თაობაზე.
საქართველოში, ბოლო პერიოდში, გახშირებული მკვლელობების გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რადგან მან ვერ უზრუნველყო ქვეყანაში ადამიანის უმთავრესი უფლების, სიცოცხლის უფლების გარანტირებული დაცვა.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, გამოვთქვამთ წუხილს და პროტესტს მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობის გამო და მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს გაატაროს ქმედითი ღონისძიებები შექმნილი ვითარების გამო და თანამდებობიდან გადააყენოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე.
პეტიცია ღიაა ყველა მოქალაქისთვის ვინც იზიარებს აღნიშნულ მოთხოვნას.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი."
ამ განცხადების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა – დავით მჟავანაძემ, ანა ბორჩხაძემ, მიხეილ გოგოტიშვილმა, ჯაბა ღლონტმა, პაატა მანჯგალაძემ, მედიის წარმომადგენლებთან, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას პეტიციაზე ხელმოწერისკენ მოუწოდეს.