დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს სახელმწიფო დაფინანსებით მისთვის სასურველ პროფესიას დაეუფლოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში, რეგისტრაციის გავლა შეუძლია.
რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გასტანს.
პროფესიები, რომელთა დაუფლებაც სახელმწიფოს დაფინანსებითაა შესაძლებელია, შემდეგია: ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომსახურება და სხვა მიმართულები.
სწავლა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან.
"აქვე აღსანიშნავია, რომ სსსმ პირებს ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.
საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დაიხვეწა რიგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას", _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.