ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის თემის სოფელ ქვიანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია და იგი მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. ბაღის შენობისთვის გამოცხადებულ საპროექტო ტენდერში შპს "ამბაზმა" გაიმარჯვა, რომელიც ქალაქ ოზურგეთშია დარეგისტრირებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები ინდმეწარმე "გაიდარ ცინცაძემ" განახორციელა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თენგიზ ხელაძის ინფორმაციით, სამუშაოების მეორე ეტაპიც ჩატარებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან მიღებული ეკონომიით დაფინანსდება და იგი 81 913 ლარს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ქვიანის საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს ახალი წლის შემდეგ მიიღებს.
ხელაძის თქმით, მომავალი წლისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით, სამ საბავშვო ბაღშია დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ამ სამიდან ერთ-ერთი აუცილებლად მაჩხვარეთის საბავშვო ბაღი იქნება.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მგფ-ს აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელსაც უნდა განეხორციელებინა მაჩხვარეთისა და სუფსის საბავშვო ბაღებში, თუმცა, სამუშაოები გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.