მარტვილის მუნიციპალიტეტის N 1 საბავშვო ბაღის შენობის, პირადი ინტერესებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით, გუშინ, ინფორმაცია, "ერთიანი ნაციონალური მორაობის" ადგილობრივმა შტაბმა თავის "ფეისბუქ" გვერდზე გაავრცელა.
ამ ინფორმაციის თანახმად, მარტვილის N 1 საბავშვო ბაღში, ბაღის დირექტორმა, თავის მოზარდ შვილს დაბადების დღე სამუშაო საათებში გადაუხადა. მაშინ, როცა პატარა აღსაზრდელები ჯერ კიდევ შენობაში იმყოფებოდნენ.
ენმ-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღესასწაულის აღსანიშნავად გამოყენებული იყო როგორც საბავშვო ბაღის შენობა, ასევე ინვენტარი და პერსონალი.
დაბადების დღის საბავშვო ბაღში აღნიშვნის ფაქტს, "გურია ნიუსის" წყაროც ადასტურებს. თუმცა, თავად საბავშვო ბაღის დირექტორი, დარეჯან სხულუხია ჩვენთან საუბარში აღნიშნულს უარყოფს.
"დაბადების დღე სახლში გადავუხადე. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ ბავშვებმა აქ მოაკითხეს ტორტით თავიანთ პირველ მასწავლებელს, ესენი ყველანი ამ საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულები არიან, და მასთან ერთად გაჭრეს ტორტი, ცოტა იმღერეს. მერე გადავიყვანე სახლში.
რაც შეეხება სამუშაო საათებს, ეს იყო 4-დან 5 საათამდე, როცა აღსაზრდელების კვება დამთავრებულია და აღსაზრდელები გაყავთ. ვინც იყო დარჩენილი, მათ, რა თქმა უნდა, ტორტით გავუმასპინძლდით.
ბავშვები რომ შეიკრიბნენ, ერთი პიცაც მოვიტანე მათთვის. თუმცა, ამისთვის არ გამომიყენებია საბავშვო ბაღის პერსონალი. გამზადებული მოვიტანე.
სხვა დროსაც მოდიან აქ ბავშვები და ნახულობენ თავიანთ მასწავლებელს. ამ ოთახში მუსიკა ყოველთვისაა", _ ამბობს სხულუხია "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძენს, რომ გამოყენებული არ ყოფილა არც ინვენტარი და ბავშვებმა ერთჯერადი ჭურჭელი მოიხმარეს.