"ქართული ოცნების" ოფისში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულმა დეპუტატმა, ზურაბ ტყემალაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვერანაირ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო პასუხს თავად გამოძიება გასცემს ამ საქმეს. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია ირაკლი ალასანიას უდანაშაულობაში.
"მე არ მაქვს კითხვები, კითხვები აქვს გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ გამოძიება და სასამართლო გამჭვირვალედ ჩატარდება და სიმართლე გაირკვევა. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და დავადასტურო, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ირაკლი ალასანია არაფერ ცუდ საქმეში არ იქნება გარეული. მე დარწმუნებული ვარ მის უდანაშაულობაში ", _ აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად იკრიბებიან. შეხვედრის თემა თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებული მოვლენებია.