"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის მთავარი საბჭოს წევრებთან ერთად "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" საქართველოს წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, ლაურა თორნტონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. როგორც ლაურა თორნტონმა აღნიშნა "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" მოხარულია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობასთან" თანამშრომლობით, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ეს არის პარტია, რომელიც გენდერულ თანასწორობას ქომაგობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ნინო ბურჯანაძემ გააკეთა:
"მე ძალიან დეტალურად ჩავაყენე "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალი ხელმძღვანელი საქმის კურსში როგორც ჩვენი პარტიის განვლილი გზის, ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ვფიქრობ რომ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება მომავალში.
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, მან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში შექმნილ ურთულეს ვითარებაზე:
"დღეს ვართ ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ნებისმიერი სპეკულაციები ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთვარდეს. პოლიტიკოსები უნდა ამაყობდნენ ქვეყნის ქართული ორიენტაციით და არა იმით, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფოს ემსახურებიან."