საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარემ, პოლიტიკურ ოპონენტებს იმედები გაუცრუა. უსუფაშვილმა დღევანდელ სესიაზე განმარტა, რომ უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა "ფარულ მოსმენებთან" დაკავშირებულ კანონპროექტზე, არა კოალიციის დაშლის და არეულობის, არამედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში პარლამენტი იბადება და სრულდება უზენაესი საბჭოს ეპოქა, სადაც ყველაფერს სხვა წყვეტდა.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი სპეკულაცია მოისმინა კანონპროექტზე, უმრავლესობაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, თუმცა, აქვე დასძინა, რომ ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით და მიღებით, ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ არც დემოკრატია აშენებულა.
"ჩემი გამოსვლა, ეს იქნება ფრაქცია "რესპუბლიკელების" სახელით. პირველი – რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში, როდესაც უმრავლესობის წრიდან ერთიდაიმავე საკითხზე, ორი კანონპროექტი იქნა ინიცირებული, დაიქცა ამითი ქვეყანა თუ აშენდა დემოკრატია საქართველოში?! არც ერთი და არც მეორე.
შევხედოთ ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად და ნორმალურად. მე ძალიან ბევრი აჟიოტაჟი შევნიშნე, მაგრამ არა ბატონებო, არ არის ეს ის დრო, რომელზეც შესაძლოა ბევრი ოცნებობს, პოლიტიკური სპექტრების სხვადასხვა მხარეს. გპირდებით, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ.
რა ხდება პარლამენტში როდესაც უმრავლესობაში შემავალი წევრები ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ და ხმას აძლევენ განსხვავებულად? ხდება ის, რომ საქართველოში იბადება პარლამენტი. საქართველოში სრულდება უზენაესი საბჭოს ეპოქა, როდესაც სადღაც სხვა წყვეტდა ყველაფერს და დარბაზში ფორმალურად უნდა გაფორმებულიყო რაღაცები.
ამ თვალსაზრისით, დიახ, არის სერიოზული წინსვლა და ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ კოლეგებო უმრავლესობიდან, ხვალ იქნება საკითხები, რომელზეც განსხვავებული აზრი გექნებათ და ასეც მომხდარა სხვადასხვა პროექტებზე. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ჭკუით ვიქნებით და რამდენად მოვახერხებთ ვიყოთ ერთად, როცა ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ეს არის პოლიტიკური ერთად ყოფნა. და არა ის, როცა ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით", _ ასე მიმართა დავით უსუფაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებსა და თანაგუნდელებს.