ქალთა #5 კოლონიაში პატიმარი ქალი შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მარინე ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მხრიდან მუდმივად კონტროლდება.
რაც შეეხება არსებულ ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 10-მდე პატიმარმა ქალმა ირემაძეს სოლიდარობა გამოუცხადა და ისინიც შიმშილობენ, სამინისტროში არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებმა შიმშილობა ადმინისტრაციასთან შეხვედრის მოთხოვნით დაიწყეს.
მსჯავრდებულების თქმით, პატიმარ მარინა ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია, თუმცა ადმინისტრაცია მას ყურადღებას არ აქცევს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარინე ირემაძის შიმშილობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება, თუმცა სამინისტროში კონკრეტული მიზეზის დასახელებისგან თავს იკავებენ.
"ადმინისტრაციის მხრიდან მსჯავრდებული ქალები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან, ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ადმინისტრაცია ირემაძეს ყურადღებას არ აქცევს, ტყუილია. შიმშილობის პროცესს აკონტროლებს სამედიცინო პერსონალი. თუ საჭირო იქნება, ამაში 169-ე ბრძანების მიხედვით დადგენილი წესით ჩაერთვებიან როგორც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, ასევე სხვა სამედიცინო პერსონალიც“, _ ამბობენ პრესსამსახურში.