2015 წლის იანვრის თვეში თბილისს ესტონეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა. ვიზიტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქეით პენტუს-როსიმანუსის შეხვედრაზე განიხილეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოსა და ესტონეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ქეით პენტუს-როსიმანუსმა ირაკლი ღარიბაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მიულოცა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღმავებაზე. ასევე, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ქართულ–ესტონური თანამშრომლობის შედეგად შექმნილმა ფილმმა– "მანდარინები" საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და იგი ესტონეთის მიერ ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტისთვის და მას ესტონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამომხატველი უწოდა. აღინიშნა, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, ბალტიისა და სკანდინავიის რიგი ქვეყნების შემდეგ, რომელსაც ესტონეთის ახლადდანიშნული მინისტრი ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ეწვია.