"10 თვის შვილიშვილი მშიერი მყავს, დღეს რა ვაჭამო არ ვიცი, ნახეთ, შემოდით, სად და როგორ ვცხოვრობ, ასეთ გაჭირვებულს რომ არ დაეხმარებიან, ყურადღებას რომ არ მოგაქცევენ, ღმერთის არ ეშინიათ ბებო ?"- ასე მოგვმართავდა ქალაქ ოზურგეთში ჩოხატაურის ქ. #14 მცხოვრები პენსიონერი ეთერი მგალობლიშვილი.
"გურია ნიუსს" თითქმის ყოველდღე მიმართავენ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანები, რომლებიც თავიანთი გაჭირვების შესახებ ჰყვებიან და ჟურნალისტებს დახმარების იმედით შეჰყურებენ. მოხუცი პენსიონერის სახლში მისი თხოვნით მივედით.
86 წლის ეთერი მგალობლიშვილი შვილიშვილთან, რძალთან და 10 თვის შვილთაშვილთან ერთად სახელდახელოდ აგებულ პატარა ფიცრულში ცხოვრობს .იქ მისულებს მართლაც უკიდურესი ყოფა დაგვხვდა: უსახური ქოხმახი და 10 თვის პატარა შიმშილის ზღვარზე.
მოხუცი პენსიონერის განცხადებით, მან არაერთხელ მიმართა ქალაქ ოზურგეთის მერიას დახმარებისთვის, თუმცა უშედეგოთ.
ეთერი მგალობლიშვილი: "ოთხი სული ვცხოვრობთ ამ პატარა "სარაიაში" , ვზრდი ობოლ შვილიშვილს და 10 თვის შვილთაშვილს, სტიქიამ წამართვა ყველაფერი, გამანადგურა, შემომივარდა წყალი, სულ გამინადგურა რაც მქონდა, არავინ არ მუშაობს ჩემთან, სადაა სამუშაო?, ჩემი პენსიის იმედად ვართ, დღეს 10 თვის პატარასთვის საჭმელი არ გვაქვს, ნერვები არ მაქვს, სულ მაკანკალებს.
არაერთხელ მივმართე ქალაქ ოზურგეთის მერიას დახმარებისთვის, რამდენჯერმე შემხვდა ქალაქის მერიც, დამპირდა დაგეხმარებიო და მომატყუა ბებო, ასჯერ მომატყუეს უკვე, ახლა ხუთშაბათს მივედი მიღებაზე ალეკო შემხვდა ბურჭულაძე, სიორიძე არ იმყოფებოდა, მიმიღო ბურჭულაძემ, რად გინდა ბებო, ვერაფერს ვერ გადავწყვეტო მითხრა, ასე იქნება? ერთი გამაგებინეთ საერთოდ თუ ეხმარებიან ჩემნაირ გაჭირვებულებს, თუ მარტო მე მექცევიან ასე? სისხლი სულ არ აქვთ ბებო, ადამიანის შეცოდება არ შეუძლიათ!
ერთადერთი ვინც მეხმარება და პატარა ბავშვი ასე ჰქვია გამაზრდია, მუნიციპალიტეტის გამგებელია, მერაბი ჭანუყვაძე, ვეცოდები, მაგრამ მისი ბრალია, მან დამპირდა არჩევნებზე აქ ამ უბანში რომ იყო მოსული ხალხთან შეხვედრაზე, მაშინ დამპირდა მოგეხმარებიო, ახლა კი ვარ მის კისერზე ჩამოკიდებული, საჭმელს მყიდულობს, ყოველდღიურ ფულს ვეცოდები ბებო! მას არ ეკუთვნის ჩემი დახმარება, მრცხვენია, გუშინ მივედი გამგეობაში, ვიტრიალე აქეთ იქეთ და ვერ შევედი მერაბისთან, შემრცხვა და დღეს კი მყავს პატარა ბავშვი მშიერი, ასეთ დღეში ვარ.
ჩემს გაჭირვებას, რომ არ გაითვალისწინებენ, ეს ადამიანობაა? რას არ ვეხვეწები, რას არ ვეღმერთები, მშიერი მყავს პატარა და მომეხმარეთ მეთქი და არაფერი" სოციალური დახმარება მოხსნილი მქონდა ბებო და რის გამო არ იტყვი? თურქეთში გადავიდა შვილიშვილი და მეორე დღესვე დაბრუნდა და ამის გამო შეჩერებული მქონდა, ახლა აღმიდგინეს და იმაშიც მერაბმა მომეხმარა, გამოტანილი მაქვს მთელი ერთი წლის პენსია, რა ვაჭამო ბავშვებს არ ვიცი.
მტერი გყავს ბებო? ვერ ხედავ? მოხარშული კარტოფილი მაქვს ამ დილით, ზეთიც არ მქონდა, ასეთ გაჭირვების დღეში ვარ, საჭმელს ვინ სად და რას ვშვრები კაცმა არ იცის.
8 ცალ "თუნუქს" ვეხვეწები და იმას არ მაძლევენ" ძალიან გთხოვთ ხუთშაბათს წამყევით მერთან მიღებაზე და თქვენს თვალწინ გამცენ პასუხი რატომ არ მეხმარებიან"- გვითხრა ატირებულმა მოხუცმა პენსიონერმა.
"გურია ნიუსი" კომენტარისთვის დაუკავშირდა ვიცე მერს ალეკო ბურჭულაძეს, თუმცა ის " გურია ნიუსის" სატელეფონო ზარებს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა არ პასუხობს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილემ კობა დუნდუამ, მისი განცხადებით 86 წლის მოხუცს ქალაქის მერია სამშაბათს შეშით დაეხმარება.
"მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ქალბატონ ეთერ მგალობლიშვილს განცხადება შემოტანილი აქვს შეშით დახმარებაზე, რასაც უზრუნველყოფს ქალაქის მერია და მას შეშით დაეხმარებიან სამშაბათს, სხვა სახის ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ მაქვს" _ გვითხრა კობა დუნდუამ.