ბათუმში, ერას მოედანზე გაჩენილი ხანძრის მიზეზებს, ქალაქის მერიის სპეციალური კომისია გამოიძიებს.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას ბათუმის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
"გურია ნიუსთან" საუბარში, პრესცენტრის წარმომადგენელი, თეკლა ჩიჩუა აცხადებს, რომ სპეციალური სამსახური უკვე შექმნილია და ხანძრის მიზეზებს იძიებს.
ცნობისთვის, ერას მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეს ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა და დროულად გამოძახებულმა სახანძრო სამსახურის ბრიგადამ მისი ლიკვიდაცია შეძლო. დაიწვა ხელოვნური საფარის ნაწილი, რომლის აღდგენა დღეს დილიდანვე დაიწყო და ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.
ხანძრის დროს ნაძვის ხის სიახლოვეს უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და მათი თქმით, ცეცხლი ელექტროგანათების სადენებიდან გავრცელდა. ამიტომ ხანძრის სავარაუდო მიზეზი წინასწარი ინფორმაციით მოკლე ჩართვა შეიძლება იყოს.
დაახლოებით 31 მეტრიანი ნაძვის ხე ბათუმში ასლან აბაშიძის დროინდელია და უკვე წლებია იგი ერას მოედანზე იდგმება.