როცა მშობლები საკუთარი შვილების შესახებ ლაპარაკს იწყებენ, რატომღაც ძირითადად პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. ნებისმიერ მშობელს შვილებზე საწუწუნო საკმარისზე მეტი აქვს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში პატარების ასაკს.
მაინც რა ტიპურ შეცდომებს უშვებენ მშობლები?
უსაფუძვლო ნერვიულობა და ფორიაქი არაფრისმომტანია. მომავალი დედიკო ნერვიულობას ჯერ კიდევ პატარას დაბადებამდე იწყებს, განსაკუთრებით – ორსულობის ბოლო თვეებში.
ეს ნეგატიური მუხტი ბუნებრივად გადაეცემა შვილსაც, რაც ერთობ ხელისშემშლელია მშვიდი ცხოვრებისათვის. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ნერვიულობისა და ღელვის გამო გაუმართლებელია, შვილს თამაში და გართობა დავუშალოთ. მაგალითად, არ შეიძლება პატარას უარი ვუთხრათ ქვიშაში თამაშზე იმის გამო, რომ იქ უამრავი ბაქტერიაა და ეს შეიძლება სახიფათო იყოს ჯანმრთელობისთვის. თუ ყველაფერს ამ კუთხიდან შევხედავთ, შვილებს არ მივცემთ საშუალებას, ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ, პატარა ასაკიდანვე ისწავლონ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა, საერთო ენის გამონახვა და ა.შ.
შეცდომების გამოსწორება არასოდესაა გვიანი. პირველ რიგში, დაუშვებელია ყველაფერზე ნერვიულობა. არ შეიძლება მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრება! შვილებს სწორად უნდა განუმარტოთ, რის გამო ნერვიულობს დედიკო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გააზვიადოთ რეალური სურათი. ნებისმიერ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ შვილი უსაფრთხოებას სწორედ მშობლისგან სწავლობს და თუ ის მუდმივად დაძაბულ, განერვიულებულ, აფორიაქებულ დედ–მამას უყურებს, ბუნებრივია, თავადაც ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე გაიზრდება.
ბავშვს ხშირად მიეცით უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. დარწმუნებული იყავით, ის ყველაფერს გააკეთებს, იმაზე მეტსაც კი, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ.
საინტერესოა ერთი საკითხი – საიდან სწავლობენ მშობლები შვილებთან ურთიერთობას. ერთ–ერთმა ბრიტანულმა გავლენიანმა ჟურნალმა ამ საკითხზე მასშტაბური კვლევა ჩაატარა და რამდენიმე ასეული ახალგაზრდა მშობელი გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას შვილის აღზრდის შესახებ წარმოდგენა ექმნება რეკლამებიდან (45%), დაახლოებით 30% სპეციალური ჟურნალებიდან სწავლობს, ახალგაზრდა დედიკოების მხოლოდ 17%–ს აქვს ბავშვებთან ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება. სწორედ ამიტომაც არის, რომ ხშირად ახალბედა მშობლები მოლოდინს ვერ ამართლებენ.