ბათუმი – "ქალაქი რომელსაც ისრაელი აღმერთებს" – სწორედ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პოპულარული ებრაული ვებ-გვერდი "ჭალლა".
ვებ-გვერდს თვეში 2 300 000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. სტატიის ავტორი აილეტ შევაჩი ბათუმში საინფორმაციო ტურის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა. ჟურნალისტი ხაზს უსვამს არასეზონურ პერიოდში ბათუმის ტურისტული პოტენციალის მრავალფეროვნებას და აღწერს სხვადასხვა ღირშესანიშნაობას და საკუთარ შთაბეჭდილებებს:
"….შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ბათუმს ებრაელები ძირითადად ზაფხულის დასვენების ადგილად იცნობენ. გაკვირვებული დარჩებით, მაგრამ აქ თქვენ ბევრი საინტერესო რამ შეგიძლიათ ნახოთ ცივ დღეებშიც. ბოტანიკური ბაღი, ფერადოვანი გრაფიტები, კაზინო, ჭაჭა და განსაკუთრებული პატივისცემა ებრაელების მიმართ, რომლებსაც უკვე აღმოჩენილი აქვთ ეს ლამაზი ტურისტული დესტინაცია…
…როდესაც ბათუმის აეროპორტში ჩამოვედი, სუფთა და გრილი ჰაერი შემომეგება. ქალაქი თურქეთთან ახლოს, შავ ზღვაზე მდებარეობს. როცა გვერდით მიმოვიხედე, დათოვლილი მთები შევნიშნე და გავიღიმე- რა კარგი მიღებაა. ბათუმი ზღვისპირა კლასიკური ქალაქია დინამიური პორტით და იახტებით. ქალაქი გამორჩეულია თანამედროვე და საბჭოთა პერიოდის შენობებით შერწyმული არქიტექტურით.
ბათუმის მოქალაქეები პატივს სცემენ ისრაელის ისტორიას. მათ მოსწონთ მოკლე დროში სახელმწიფოს შენების იდეა. ისრაელი ბათუმისთვის მაგალითია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელები იზიდავენ მრავალ ინვესტორს, აშენებენ ქალაქს მრავალფეროვანი ტურისტული ატრაქციებით.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან წარმოდგენილი მცენარეებით. ბაღი 100 წლის წინაა დაარსებული და დღემდე მასში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. იგეგმება მათთვის სპეციალური სახლის აშენება, ხოლო ბაღში არსებული ძველი საცხოვრებლების ტურისტულ სასტუმრო სახლებად გადაკეთება…"
სტატიის ავტორი საუბრობს ქართულ სასმელ ჭაჭაზე, ასევე რეგიონის სამზარეულოს უგემრიელეს კერძებსა და ღვინოზე ქართული სუფრის ტრადიციებთან ერთად, რაც ებრაელი ტურისტებისათვის მუდამ განსაკუთრებულ ხიბლს ატარებს.
წყარო: Travel.walla.co.il