შსს აჭარის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერი თელია მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ირანში დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ვალერი თელია იმ მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკური პარტიების ნაწილს მიმართავს, რომლებიც აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებდნენ.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს ირანში. ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თეირანის ინტერპოლმა დაუდასტურა. რუინთან მოჰამადამინს საქართველოს კანონმდებლობით უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს და ის ირანში ამჯერად, მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
მინდა იმ რამდენიმე მედია საშუალებას მივმართო, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ 2013 წლის ზაფხულში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოებულ გამოძიებას და ე.წ ჟურნალისტურ საგამოძიებო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ასევე, მინდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნაწილს მივმართო, რომლებმაც გამოძიების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს.
იქნებ მათ ახლა მაინც ირმწუნონ, რომ გამოძიებამ მაშინ საზოგადოებას მხოლოდ სიმართლე აცნობა და თითოეულმა სამართალდამცველმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 16 წლის გოგონას შემზარავი მკვლელობის ფაქტი დროულად ყოფილიყო გამოძიებული. იმედი მაქვს, მომავალში მაინც, ასე ხელაღებით ეჭვს აღარ შეიტანენ პოლიციის მუშაობაში და მხოლოდ ვარაუდებით არ გააჩენენ საზოგადოებაში უნდობლობას სამართალდამცველების მიმართ.
მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის მთავარი სამმართველოს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს და აჭარის პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირი დროულად ყოფილიყო დადგენილი და არ დარჩენილიყო დაუსჯელი", – აღნიშნავს თელია.