თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მოქალაქეებს ამჯერად ყოველ ოთხშაბათს 09:00-13:00 საათამდე მიიღებს.
ამ დრომდე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მოქალაქეებს ხვდებოდა, როგორც საკრებულოში, ასევე მაჟორიტარების ბიუროებში.
21 იანვრიდან კი გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით, მოქალაქეების მიღების დღედ ოთხშაბათი გამოცხადდა და ამ ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალიბეგაშვილმა გუშინ 35-მდე მოქალაქე მიიღო და მათ პრობლემებს გაეცნო.
"მოსახლეობამ მრავალფეროვანი მოთხოვნებით მომმართა. არიან დაზარალებულები, რომლებმაც საცხოვრებელი ფართი დაკარგეს, საკუთარი პრობლემები გამაცნეს სოციალურად დაუცველმა პირებმაც, ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინდივიდუალური ნიჭის წარმოჩენას ითხოვენ.
დედაქალაქის თავისებურებიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ ასეთ მრავალფეროვნებას. ჩვენი ვალია დეტალურად განვიხილოთ თითოეული განცხადება და მაქსიმალურად დავეხმაროთ ყველა ადამიანს", _ განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.