თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვის შესახებ კოდექსში ცვლილება შევა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ისეთი ფორმას ითვალისწინებს, როგორიცაა სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრება, რომელიც დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.
ამასთან, კანონპროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ავალდებულებს: განიხილოს საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და აცნობოს მას განხილვის შედეგების შესახებ.
გამგეობასთან/მერიასთან, როგორც სათათბირო ორგანო, ყალიბდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. პროექტში ახლებურად არის წარმოდგენილი პეტიციის წარდგენის წესი, უმჯობესდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტებიც.
წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა, თუმცა მასში ასევე გათვალისწინებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ის ფონდმა "ღია საზოგადოება – საქართველო"-მ და მისმა 16-მა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის "თვითმმართველობის დროა" ფარგლებში მოამზადეს და 2014 წლის 24 დეკემბერს სამინისტროს წარუდგინეს.
დღეს კი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შემუშავებული პროექტის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები კიდევ ერთხელ მოისმინეს და მათ ამ შენიშვნების ჩამოყალიბებისთვის და სამინისტროში გადაგზავნისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ აღნიშნული ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალ სტანდარტს აწესებს, თუმცა მისი განხორციელების პროცესში პრობლემები რომ არ შეიქმნას, კანონპროექტი ჯერ კიდევ დასახვეწია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ის განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებით ფორმებს, კერძოდ: დასახლების საერთო კრებისა და გამგებლის/მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სახით.
დასახლების საერთო კრების ჩატარების ინიციატივით სარგებლობს საინიციატივო ჯგუფი და გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელეები, აგრეთვე საერთო კრების მიერ დასახლების რჩეული საერთო კრების ორგანოები: დასახლების წარმომადგენელი და დასახლების წარმომადგენელთა საბჭო.
კოდექსით განსაზღვრული საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა არ აღემატება 2000. აღნიშნული ფორმა პრაქტიკულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე მოსახლეობის მქონე დასახლებებში. დიდ მოსახლეობის მქონე დასახლებებში, მათ შორის, ქალაქებში აღნიშნული ფორმის გამოყენება დასახლების მთელი მოსახლეობის შეკრების სირთულის გამო პრაქტიკულად ძნელად გამოსაყენებელი ზოგჯერ კი შეუძლებელიცაა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოში არსებული დაახლოებით 3600 სოფლიდან/დაბიდან დაახლოებით 3300–ში ამომრჩეველთა რაოდენობა 2000 არ აღემატება, პროექტით წარმოდგენილი ფორმა თითქმის საქართველოს ყველა სოფელში და დაბაში შეიძლება იქნეს გამოყენებული.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მეორე ახალ ფორმას – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი მეწარმე იურიდიული პირებისა და არასამთავრობო სექტორის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
გამგებელი/მერი ვალდებულია საბჭოს განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებით დამთავრებული, ნებისმიერი წინადადება.
როგორც პროექტის წარდგენისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, "მასში მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული, სად მთავრდება საჯარო ადმინისტრირების ფორმა და იწყება მოქალაქეთა ჩართულობა“.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნებს აქვს.
როგორც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, პროექტში წარმოდგენილი მუხლი – გამგებლის მრჩეველთა საბჭოს შესახებ "არაფრის მომტანი იქნება, რადგან გამგებელს მრჩეველთა საბჭო ახლაც ჰყავს, ამიტომ ის კოდექსში ზედმეტია“.
"ამ პოზიციას პარლამენტშიც დავიცავ. მრჩეველთა საბჭო აღარ არის საჭირო. ვინ უნდა შევიდეს ამ საბჭოში? გამგებელი თავის ნათესავებს ხომ არ შეიყვანს?!“, _ განაცხადა ჟორჟოლიანმა, თუმცა, მის ამ მოსაზრებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იურისტი ირაკლი კახიძე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ "გამგებელს საზოგადოების აზრის გაგება გარედანაც სჭირდება, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ის კონსულტაციებს ამ საბჭოსთან გაივლის“.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას, რომ საერთო კრებას უფლებამოსილება გაეზარდოს, გია ჟორჟოლიანი შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ "თუ დასახლების საერთო კრებას უფრო მეტ უფლებამოსილებებს მივცემთ, ამით ახალი საჯარო ხელისუფლების ინსტიტუტს შევქნით, ამას კი წინ აღუდგებიან როგორც გამგებლები, ასევე არჩეული სხვა საჯარო პირებიც“.
არასამთავრობო ორგანიზაციების მეორე ნაწილმა კი ამ უფლებების გაზრდაში "ინსტიტუციური კონფლიქტის" წარმოქმნის საშიშროება დაინახა.
"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა აცხადებს, რომ "საერთო კრებამ შესაძლოა დააყენოს სოფლის რწმუნებულის და გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის გათავისუფლების საკითხიც. ამ შემთხვევაში კი, მათ დაცვის მეტი გარანტიები უნდა ჰქონდეთ და ეს გარანტიები უნდა დაზუსტდეს, რომ ინსტიტუციური კონფლიქტის საშიშროება არ წარმოიშვას". ასევე უნდა გაიწეროს გამგებლის წარმომადგენლების უფლებამოვალეობების საკითხიც".
საია-ს იურისტის ლელა ტალიურის განცხადებით, "ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში ის კრებებია, რომელი დასახლებებში უნდა შეიქმნას, თუმცა პროექტთან დაკავშირებით, მას შენიშვნებიც აქვს“.
"შენიშვნა გვაქვს იმ მუხლზე, რომელიც დასახლების საერთო კრების მოწვევას ეხება, კონკრეტულად კი, ჯგუფის მიერ ინიციატივის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ამის თანხმობა კრებამ გამგებლისგან უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამარტივდეს, რადგან ბიუროკრატიულმა მექანიზმებმა იმ ჯანსაღ ინიციატივებს, რაც ადგილზე შეიქმნება, ამის განხორციელებას ხელი არ შეუშალოს“, _ აღნიშნა ტალიურმა.
იურისტს შენიშვნები აქვს ადგილობრივ კრებების რჩეულთან დაკავშირებითაც, რომელიც მუდმივმოქმედი უნდა იყოს და კრების დავალებები შეასრულოს.
"მისი საქმიანობა ამ დასახლებებში ღიად და საჯაროდ უნდა წარიმართოს, თუმცა ეს კოდექსის პროექტში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. საუბარია მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე, რომ დავადგინოთ, ეს ადამიანები ვიწრო ინტერესებს აყენებენ განხილვის საგნად, თუ ეს მთელი სოფლის ინიციატივაა. ვფიქრობთ, აქ დასამატებელია ის პუნქტები, რომელიც ამ ორგანოებს დაავალდებულებს სხდომების ღიად და საჯაროდ წარმართვას, რომ მათი საქმიანობის მონიტორინგი გაკეთდეს“, _ აღნიშნა ტალიურმა.
მისივე თქმით, "ბუნდოვანია, დასახლებაში ერთი კრება უნდა იყოს თუ რამდენიმე და როგორ უნდა დარეგულირდეს რამდენიმე კრების შემთხვევა“.
"ასევე იმ ადამიანების უფლებები არ არის გაწერილი, რომლებმაც უარი განაცხადეს ან არ მიიღეს მონაწილეობა დასახლების საერთო კრების მუშაობაში“, _ განაცხადა ტალიურმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს რეგიობნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 12 თებერვლამდე მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩამოყალიბდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია, თუმცა ცნობილია, რომ პარლამენტმა ის საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს.