საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა გრძელდება.
რიგით მეოთხე შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებთან გამართეს.
დახურულ შეხვედრაზე, მოხსენებით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესზე; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალ ინსტიტუციურ ჩარჩოზე; ევროკავშირთან სავიზო დიალოგის მიმდინარეობაზე; აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადებაზე; საქართველოს ურთიერთობებზე ევროკავშირის სააგენტოებთან და პროგრამებში მონაწილეობაზე და ევროკავშირთან ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.
სამინისტროს წარმომადგენელმა კანონმდებლებს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით სოლომონია და – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი მაია ყიფშიძე ესწრებოდნენ.
"საკომიტეტო მოსმენაზე ყურადღება ძირითადად, იმ საკითხზე გამახვილდა თუ რა მდგომარეობაა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების თვალსაზრისით ქვეყნებთან მიმართებაში. უკვე თხუთმეტმა ქვეყანამ მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე ველოდებით, რომ ეს რიცხვი ოცამდე გაიზრდება, მათ შორის ისეთი ქვეყნების მხრიდან რომლებიც ასე ვთქვათ, ამინდს ქმნიან ევროკავშირში. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელიც განრიგის მიხედვით კვლავ გაგრძელდება", _ აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.