ამჯერად ამის შესახებ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიუთითეს გურიის გუბერნიაში შეხვედრისას, როცა სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, საგაზაფხულო სამუშაოების წლევანდელი სეზონის დაწყებაზე საუბრობდნენ. კონკრეტულად მათ აღნიშნეს, რომ არც ერთი ტრაქტორისტი არ უნდა შევიდეს მოუჩალავ ფართობში, რადგან გასულ წლებში, ხვნის სეზონზე, სერიოზულად დაზიანდა არაერთი ტექნიკა. ამის შესახებ შესაბამის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.
ფაქტია, რომ ბოლო წლებში გლეხების გარკვეული ნაწილი საკუთარ ფართობში არც ჩადის, რომ შემოდგომაზე აჭრილი ჩალის ნარჩენი ღეროებისგან საყანე გაასუფთაოს. თავის მხრივ, ყანის კიდეებში თუ მოვაგროვებთ, ეს საკომპოსტე საშუალებაა, რომელიც შემდგომ ჩალპება და შესანიშნავი არაორგანული სასუქია.
სოფლებში ხშირად ხდება უსიამოვნებები და ურთიერთშელაპარაკება საყანე ფართობების მეპატრონეებს შორის სწორედ მოჩალვის გამო. მიზეზი ერთია: ტრაქტორს, ხვნის დროს, ჩალის ხმელი ღეროები კილომეტრზე მეტ მანძილზე გადააქვს და შედეგად ამ ღეროებში იბუდებს სხვადასხვა მავნებლები, ზიანდება ტექნიკა.
აღნიშნულ თემაზე გვესაუბრება აგრონომი აკაკი ღლონტი:
_ ხვნა-თესვის სეზონი მალე დაიწყება და აუცილებელია საამისოდ ფართობების მომზადება. ჩალის ღეროები უფრო ტექნიკას აზიანებს. რაც შეეხება მავნებელ ხვატარს, მისი მომრავლება იმ მიზეზით მოხდა, რომ ადრეულ წლებში არაერთ ფართობში შეიტანეს ჰერბიციდები, რამაც ბალახი მოსპო. ამიტომ ხვატარმა ბალახი რომ ვერ ნახა, სიმინდს შეესია.
მავნებელს უნდა ებრძოლო ხვატარის საწინააღმდეგო სპეციალური კომბინირებული წამლით. მაგალითად _ ალკაპი, დეცისი და სხვა, რომელიც ვეტაფთიაქებში იყიდება და შესაბამის რეკომენდაციასაც იქვე იძლევიან. ამასთანავე, ფართობიდან ფართობში მოძრავი ხვატარი, როცა ბალახის მწვანე მასას ეძებს, ივნისის ბოლოს ჭუპრდება კიდეც. ამ დროისთვის კი არა ერთგან დაგვიანებული თესვა ხდება. ნორჩი სიმინდის მასა შესანიშნავი საკვებია ხვატარისთვის. ის სწორედ ამის შემდეგ ესევა ნედლ, ჭყინტ სიმინდს. ძირითადად, ის ხომ ნედლი მასით იკვებება. ამიტომ მცდარი შეხედულებაა, თითქოს, ჩალის ღეროა მისი გამრავლების ბუდე.
ჩალის ღეროებისგან ფართობები უნდა გავწმინდოთ პირველ რიგში იმიტომ, რომ დისკომფორტი არ შეუქმნას ტექნიკას, ხელი არ შეუშალოს მარცვლის აღმოცენებას და ამასთანავე, სირცხვილიცაა, ამის გამო ფერმერმა შენიშვნა სამინისტროსგან მიიღოს.