ძუძუანას (ჭიათურა) გამოქვაბულში მომუშავე არქეოლოგებმა, პალეოლითის ხანის ადამიანთა ნასახლარის გათხრების დროს, სელის ბოჭკოსაგან დაგრეხილი ძაფის ნაშთებს მიაკვლიეს.
ეს აღმოჩენა 2009 წელს მოხდა და 2011 წელს იგი კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან 10 აღმოჩენაში შეიყვანეს.
ეს ძაფი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით, 34 ათასი წლის წინ დაუგრიხავთ. დღეისათვის იგი ძაფის დამზადების მსოფლიოში უძველეს ნიმუშად ითვლება.
აღმოჩენილი ძაფი შეღებილი არ ყოფილა. ღებვა ადამიანმა მოგვიანებით დაიწყო. ჰეროდოტეს თქმით, "კასპიის ზღვიდან დასავლეთით გადაჭიმულია კავკასიონი, სადაც მრავალი ტომი ცხოვრობს. აქ იზრდება მცენარეები, რომელთა ფოთლები თავისებური მოყვანილობისაა. აქ ამ ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წყალს და ამით ხატავენ ტანსაცმელს. ხოლო ეს ნახატები არ ხუნდება, არამედ ცვდება დანარჩენ შალთან ერთად".
ჰეროდოტეს ყურადღება ქსოვილის მტკიცედ ღებვის ტექნოლოგიას მიუქცევია. ამის მტკიცებულებად კი საქართველოში, ბაგინეთში აღმოჩენილი შინდისფრად შეღებილი ქსოვილის ნაშთები გამოდგება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3-მე-2 ათასწლეულით თარიღდება და სიხასხასით დღემდე აღაფრთოვანებს მნახველს.
ქსოვილისა და ძაფის ღებვა უწინ საქართველოს ყველა რეგიონში მნიშვნელოვანი საქმე იყო და თითქმის ყველგან მისდევდნენ მას. გამონაკლისი არც გურია იყო, რომლის ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეულობა ბუნებრივი საღებავების უშრეტ წყაროს წარმოადგენდა.
დღეისათვის შემორჩენილი ჩანაწერებითა და მასალებით, გურიაში ღებვის რამდენიმე წესი იყო გავრცელებული. ყველაზე მეტად კი ცნობები ქსოვილის პირდაპირი ღებვის ტექნოლოგიაზეა შემორჩენილი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ტონის ყვითელ, ყავისფერ, წითელსა და მათ შორის გარდამავალი ფერის ქსოვილებს ამზადებდნენ.
ყვითელი ფერის მისაღებად მნიშვნელოვანი მცენარე იყო ზაფრანა (tagates pazula L). ძაფზე ასხმულ ზაფრანას მზეზე შეაჭკნობდნენ. სამი-ოთხი დღის შემდეგ მწვანე ყუნწებს მოაშორებდნენ და კარგად მოხარშავდნენ, შემდეგ გადაწურავდნენ და წვენში შაბსა და მარილს დაუმატებდნენ. ამ წვენში აბრეშუმს მოხარშავდნენ, შიგვე გააციებდნენ, მეორე დღეს კი გარეცხავდნენ. გაშრობის შემდეგ იგი ხასხასა ყვითელ ფერს იღებდა.
ბამბის ქსოვილს ყვითლად, ცოცხის ხაზარულას (soghum technicum Koern) თესლით ღებავდნენ, რისთვისაც მის მოხარშულ მარცვალს წვენს გამოუწურავდნენ და ნაწურს შესაღებად იყენებდნენ, თუმცა, ამრიგად შეღებილი ქსოვილი ან ტანსაცმელი დიდ მოწონებას არ იმსახურებდა, რადგანაც ხშირად ფერი მტკიცე არ მიიღებოდა და შედარებით მალე ხუნდებოდა. ყვითელი ფერის მისაღებად ბროწეულის ქერქი და ხახვის კანიც გამოიყენებოდა, თუმცა, სიმტკიცე არც მათ ჰქონდათ ძლიერი.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა ენდროთი შეღებილი ქსოვილი, რომელიც გურიაში ცოტა იყო გავრცელებული და მას სოფელ ზემო სურების ღელის პირებში აგროვებდნენ ან სოფელ საჭამიასერის მიდამოებში საგანგებოდ თესავდნენ. გამხმარი ენდროს ძირებს დანაყავდნენ, წყალს დაასხამდნენ, შიგ შაბს ჩააგდებდნენ და მასში შესაღებ შალს, ბამბას და აბრეშუმს წამოადუღებდნენ. ეს საღებავი ყველა ტიპის ქსოვილს ერთნაირად კარგად ეკიდებოდა.
წითელი ფერის მისაღებად გურიაში ჭიაფერასაც ხმარობდნენ (Phitolacca Americana L). საღებავად მისი წვრილი წითელი ხმელი ან ნედლი ნაყოფი გამოიყენებოდა. ნედლ მარცვალს დაწურავდნენ, ხმელს კი წყალს დაასხამდნენ, ორთავეს შაბსა და ძმარს დაამატებდნენ და მასში ქსოვილებს წამოადუღებდნენ. მეორე დღეს კი გარეცხავდნენ. ჭიაფერა გურიაში უმეტესად აბრეშუმის შესაღებად იყო აღიარებული, მისგან მიღებული ფერი კი მტკიცედ ითვლებოდა.
მწვანე ფერის მისაღებად გურიაში ხეჭრელის, ლუკუმფხას (Frangula alnus Mill) ნედლ ნაყოფს იყენებდნენ. მის მარცვალს ხარშავდნენ და ზემოაღწერილი წესის მიხედვით ღებავდნენ. ასეთივე პირდაპირი ღებვის წესით ღებავდნენ ყავისფრად მუხის ქერქით, კაკლის წენგოთი, ქერქითა და ფესვით, დაფნის ფოთლითა და ქერქით, ფერის სიმტკიცით კი მუხის ქერქში შეღებილი ქსოვილი გამოირჩეოდა.
ჩამონათვალი საღებავი შავი ფერის მისაღებადაც გამოიყენებოდა. შავ ფერზე ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო გურიაში, ისე, როგორც დანარჩენ საქართველოში. ამ ფერის მიღების საშუალებათაგან კი ყველაზე პოპულარული ნიგვზის ნაჭა, ქერქი, ლაფნის ფოთოლი, მუხისა და ბროწეულის ქერქი და მინერალი მიწანელა (ოხრა) გამოიყენებოდა, რომელიც ფერს სიმაგრესა და სიმტკიცეს მატებდა. ოხრას გურიაში ბევრგან მოიპოვებდნენ, მაგრამ ნაგომრისა და სურების ოხრის საბადოები კუსტარული დამუშავების ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი იყო. ფაქტობრივად, მიწანელის გამოყენების გარეშე მტკიცე შავი ფერის მიღება არ ხდებოდა და რაც არ უნდა მცენარეული საღებავი გამოეყენებინათ, ოხრა აუცილებელი ინგრედიენტი იყო.
შავი ფერი ყველაზე რთულად მისაღები ფერი იყო. ოხრასთან ერთად ყველაზე ხშირად ლაფნის ფოთოლი ან ქერქი გამოიყენებოდა, რომელსაც კარდალში მოხარშავდნენ წვენის გაშავებამდე. ამ წვენს ძმარში დამჟავებულ რკინის ნაყენს დაუმატებდნენ და ქსოვილს შიგ ჩატოვებდნენ. მეორე დღეს კარგად გარეცხავდნენ.