რუსეთის მოქალაქეებს უყვართ ბელარუსი და ჩინეთი, აშშ-ს და ევროკავშირს კი ვერ იტანენ.
"ლევადა ცენტრის" მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსების 73 პროცენტს ცუდი შეხედულება აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ევროკავშირი არ უყვარს რუსების 64 პროცენტს, უკრაინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს 55 პროცენტს.
რუსების 19 პროცენტი კარგი თვალით უყურებს აშშ-ს, 24 პროცენტი _ ევროკავშირს, 31 პროცენტი _ უკრიანას. ბელარუსი მოსწონს რუსების 85 პროცენტს, ჩინეთი კი _ 76 პროცენტს.
საქართველო მოსწონს რუსების 48 პროცენტს, არ მოსწონს _ 33 პროცენტს, პასუხის გაცემა გაუჭირდა 20 პროცენტს.
ამავე ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, სტალინის პერსონის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს რუსების 39 პროცენტს _ გამოკითხულთა 30 პროცენტი პატივისცემითაა გამსჭვალული საბჭოთა ბელადის მიმართ, 7 პროცენტი სიმპათიას გამოხატავს, 2 პროცენტი კი აღფრთოვანებას.
კითხვაზე, გამართლებული იყო თუ არა სტალინის პერიოდის რეპრესიები და ადამიანთა მსხვერპლი "დიადი მიზნების მიღწევის გზაზე", რუსების 45 პროცენტმა დადებით პასუხი გასცა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კომუნისტური ეპოქის დროინდელ რეპრესიებს რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 25 პროცენტი ამართლებდა.
თუ 2010 წელს რუსების 24 პროცენტს სურდა მოსკოვში სტალინი ძეგლის დადგმა, 2015 წელს ამ იდეას უკვე 37 პროცენტი ემხრობა.