გურული ჩხავერი იაპონელი ქალბატონების რჩეული ღვინოების ნომინაციაში პირველ ადგილზე გავიდა. ქართული ღვინის კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“ იაპონიის საერთაშორისო კონკურს „საკურას“ უმაღლესი ჯილდო – „ბრილიანტი“ (DIAMOND TROPHY) დაიმსახურა.
წარმატებას კომპანიამ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების მე-40 საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2015 მიაღწია. გამოფენა, რომელიც 3 მარტს გაიხსნა, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია „კახური“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა ხარება“ იღებს მონაწილეობას. გამოფენის გახსნას ტოკიოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.
„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი ქვეყანა და მას ათასობით ღვინის იმპორტიორი და პროფესიონალი ესწრება.
კომპანიები გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.
გამოფენის პირველივე დღეს ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, ქართულ სტენდს უამრავი მნახველი და ღვინის პროფესიონალი ესტუმრა.
სააგენტოში მიიჩნევენ, რომ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის პოპულარიზაციის, იაპონიის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს.
იაპონია ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მზარდი საექსპორტო ბაზარია. თებერვლის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 40%-ით მეტი ღვინო, ვიდრე 2014 წლის იანვარ-თებერვალში.
წყარო: BPI.ge