ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი სიღნაღის პროკურატურასა და სასამართლოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაკვირვებული ვარ პროკურატურის და სასამართლოს მიერ მოქალაქეთა უფლებების აშკარა იგნორირებით. ადვოკატთა ასოციაციას მოგვმართა ცნობილმა ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილმა, რომელმაც წარმოგვიდგინა მასალები, სადაც სავარაუდოდ, სიღნაღის პროკურორისა და მოსამართლეთა დანაშაულის შემადგენლობა იკვეთება. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის განაჩენით, 77 წლის მოხუცი ქლაბატონი თამარ ხატიაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ თაღლითობის ჩადენაში და შეეფარდა ამნისტია.
პროკურატურის მიერ წარდგნილი ბრალით, რომელიც შემდგომ სასამართლომ თავის განაჩენში გადმოწერა, თამარ ხატიაშვილს ბრალი ედება იმაში, რომ მან 2012 წლის იანვარში გადაწყვიტა ბინის გაყიდვა, მაგრამ შემდგომში არ მიჰყიდა ბინა ბაგირა სიფრაშვილს. ეს სავარაუდოდ, სამოქალაქო სამართლებრივი დავა პროკურატურამ და სასამართლომ თაღლითობად ჩათვალეს.
საქმის მასალებით იკვეთება პროკურატურის დაინტერესება მოცემული საქმისადმი, რასაც მოწმობს სიყალბეთა კორიანტელი. პროკურატურამ ბრალი დასდო თამარ ხატიაშვილს იმაში, რომ მან 2012 წლის იანვარში გადაწყვიტა საკუთრებაში არსებული სახლის გაყიდვა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წლის იანვარში თამარ ხატიაშვილი საერთოდ არ იცნობდა ბაგირა სიფრაშვილს. ვინაიდან პროკურორი გულოშვილი შეჰპირდა თამარ ხატიაშვილს ამნისტიის შეფარდებას, ოღონდ მას ხმა არ ამოეღო საკუთრებაში არსებული სახლზე და გაეფორმებინა იგი ბაგირა სიფრაშვილისთვის, პროკურატურამ თვითნებურად თამარ ხატიაშვილისა და ბაგირა სიფრაშვილის გარიგება გადმოსწია ერთი წლით, რომ შეეფარდებინა ამნისტიის აქტი თამარ ხატიაშვილისთვის, ვინაიდან თამარ ხატიაშვილსა და პროკურორ გულოშვილს შორის შეთანხმება არ მოხდა, თამარ ხატიაშვილმა გაუძლო პროკურორ გულოშვილის ზეწოლას, პროკურორს მშველელად მოევლინა სიღნაღის სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო, რომელმაც განაჩენში გაიზიარა არარსებული ბრალი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3 მუხლის 12 პუნქტის თანახმად, ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც ეყრდნობა სხდომაზე წარმოდგენილ ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
ადვოკატმა თენგიზ ბეჟაშვილიმა რამოდენიმეჯერ მოითხოვა სადავო ბინიდან ბაგირა სიფრაშვილის გამოსახლება. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, დაიწყო პროკურორმა გულოშვილმა სისხლის სამართლებრივი დევნა თამარ ხატიაშვილთან მიმართებაში, რომ შეეჩერებინა ბინიდან ბაგირა სიფრაშვილის გამოსახლება. პროკურატურის და პოლიციის ძალისხმევით და უმოქმედობით ბინიდან ბაგირა სიფრაშვილის გამოსახლება იქნა ხელოვნურად დაბრკოლებული.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე 2,5 წელია ვამტკიცებ, რომ ის პროკურორები, მოსამართლეები რომლებიც უპირობოდ ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს, ვინაიდან მათ მიმართ არ იყო გამოყენებული სამართლებრივი პროცედურები, ჩაიდენენ მრავალ უკანონობას. სახეზეა, სამართლიანი სასამართლოს უფლების იგნორირება თამარ ხატიაშვილთან მიმართებაში, რომელიც არის ლოგინზე მიჯაჭვული მძიმე ავადმყოფი. თამარ ხატიაშვილი ავადმყოფობიდან გამომდინარე ვერ დაესწრო ვერც ერთ სასამართლო სხდომას. ზემოთ აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში", _ აღნიშნულია განცხადებაში.