სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ISO17025 აკრედიტირებულმა დნმ ლაბორატორიამ 2014 წლის ბოლოს, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საკვალიფიკაციო ორ ტესტში (გარე აუდიტი), ადამიანის ბიომასალის წარმომავლობის, დნმ-ის გამოსავლიანობასა და გენოტიპირებაში.
საკვალიფიკაციო ტესტის ორგანიზატორს წარმოადგენდა გერმანიის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის დნმ პროფილირების ჯგუფი (GEDNAP), რომელიც 1980 წელს "ლაქების კომისიის“ სახელწოდებით, სასამართლო მედიცინის გერმანული ასოციაციის მიერ შეიქმნა. დღეს ის დნმ პროფილირების გერმანული ჯგუფის სახელით არის ცნობილი, მინიჭებული აქვს აუტორიზაცია სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის-ENFSI მიერ და პერიოდულად აფასებს დნმ ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს.
GEDNAP-ის მიერ წარმოდგენილ იქნა 22 ნიმუში, აქედან 8 შერეული ბიოლოგიური მასალით, 6 შესადარებელი პირის და 8 ნიმუში, დნმ-ის გამოსავლიანობის შესაფასებლად.
2015 წლის მარტში, GEDNAP-ის შემფასებელი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დნმ ლაბორატორია მოხვდა წარმატებულ ლაბარატორიათა იმ ჯგუფში, რომელმაც ტესტის საუკეთესო შედეგი გამოავლინა (Group 1).