საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, შპს „ვესტა“- ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე მანელაშვილი და მისი თანამზრახველი, გოჩა ვაშკლევიჩი დააკავა.
დადგენილია, რომ შპს „ვესტა“- მ, ტენდერში გამარჯვების გზით აიღო ვალდებულება მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში წყლის მრიცხველების მონტაჟის სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს სახელშეკრულებო ვალდებულება და სამუშაოები არ შეასრულეს კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით. გარდა ამისა, თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაამზადეს სამუშაოთა შესრულების ყალბი აქტები, ფორმა N2, რომლებშიც ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისა, მიუთითეს, რომ თითქოსდა სრულად მოხდა სოფლის გამრიცხველიანება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.