საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში 2015 წლის 28 იანვრიდან მიმდინარეობს გამოძიება მოხელეთა მიერ შესაძლო ქრთამის აღების ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2015 წლის 20 აპრილს თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე დაკავებულ იქნა პაკისტანის მოქალაქე (ნ. მ).
გამოძიებით დადგენილ იქნა, რომ პაკისტანის მოქალაქე (ნ. მ.) საქართველოში მცხოვრებ ერაყელ მოქალაქეს (ნ. შ) საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის დამზადებას ჰპირდებოდა და არწმუნებდა, რომ ამისთვის საჭირო იყო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა. კერძოდ, პაკისტანის მოქალაქემ (ნ. მ.) ერაყის მოქალაქეს (ნ. შ) საქმის მოსაგვარებლად მოსთხოვა 3000 აშშ დოლარი, საიდანაც 1500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა, ვითომდა სახელმწიფო მოხელეებისათვის გადასაცემად და თაღლითურად მიითვისა. გარდა ამისა, პაკისტანელმა მოქალაქემ (ნ. მ.) ერაყელ მოქალაქეს (ნ. შ), დაუმზადა ყალბი სამუშაო ცნობა, რის სანაცვლოდაც დამატებით 200 აშშ დოლარი გამოართვა.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას და აცხადებს, რომ, როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, რომელიც ჩადენილი იქნება მოქალაქის მიერ სახელმწიფო მოხელის სახელის უკანონოდ გამოყენებისთვის.