შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაციის პროცესი 15 მაისს დასრულდება.
ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის.
ტესტირება კომპიუტერულად 2-დან 9 ივნისამდე ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული – როგორც მეორე ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის კი დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში.
"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს 2012 წლიდან სთავაზობს პროექტს, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა. მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის მიღწევების შესახებ. შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად", – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.