"24 პროცენტით ხელფასები გავუზარდეთ თანამშრომლებს. რა ვიცი სულ ტაშფანდურა-ტაშფანდურას ძახილი იყო და შევამცირეთ 80 000 ლარით და ახლა, პირიქით, რატომ შეამცირეთო ერთი ამბავია ატეხილი. 12 ანსამბლს ვერ შეინახავს ქალაქის ბიუჯეტი და კეთილი ინებოს თემთა მუნიციპალიტეტმა, ჩვენ 6 ანსამბლს შევინახავთ და ექვსი შეინახოს თემთა მუნიციპალიტეტმა. მას მიჰყავს ეს ანსამბლები, სახლში არავინ არ უშვებს; ყველა ღონისძიება, რაც ოზურგეთში ტარდება, ცეკვავენ თუ მღერიან, იყო კულტურის სამსახურიდან, დაფინანსება კი – ჩვენი, ახლა გავინაწილეთ და მგონი, სწორადაც მოვიქეცით", _ ეს განმარტება ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებთან გააკეთა, როდესაც ორი ა.(ა) ი.პ.-ის რეორგანიზაციისა და მასში დაქვემდებარებულ ანსამბლების შემცირების საკითხს განიხილავდნენ.
დააფინასებს თუ არა ექვს ანსამბლს თემთა მუნიციპალიტეტი და იყო თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით გამგებელსა და მერს შორის საუბარი, ამაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გვპასუხობს, რომ ის მხოლოდ ერთ ანსამბლის "იადონის"დაფინანსებას გეგმავს.
"მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებ მხოლოდ ანსამბლ "იადონთან". სხვა შეთანხმება, იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ანსამბლს დავაფინანსებ, არ მქონია", _ განაცხადა ჭანუყვაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღო გამგებელმა "იადონის" დაფინანსების გადაწყვეტილება, გვპასუხობს, რომ მათთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს.
"პირველ რიგში, იმიტომ, რომ თანამშრომლობა და კარგი ურთიერთობა, მქონდა ამ ადამიანებთან დიდი ხანია. ანსამბლს აქვს ძალიან დიდი ისტორია; შესაბამისად, დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. რაც შეეხება, იმას, რომ სხვა ანსამბლებს დავაფინანსებ, შეთანხმება არ მქონია", _ განაცხადა ჭანუყვაძემ.
რაც შეეხება ბეგლარ სიორიძის დავალებას, რომ 6 ანსამბლი თემთა მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს, 6-სს კი ოზურგეთის მერია დააფინანსებს, ჭანუყვაძე ვარაუდობს, რომ ბატონ მერს მუნიციპალიტეტის თემი ამ კონტექსტით არ უხსენებია.
ამავე თემაზე:
“ჩვენ 6 ანსამბლს შევინახავთ და 6 შეინახოს თემთა მუნიციპალიტეტმა“ – ოზურგეთის მერი