საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობებების საკითხზე "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის მოლაპარაკების მიმდინარეობს.
საუბარია ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტებზე, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ პარლამენტიდან მთავრობაში გადასულმა თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა დატოვეს.
მათ შემცვლელებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს გადაწყვეტილება ჯერჯერობით მირებული არ აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილისა და "ქართული ოცნებიდან" ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურები განიხილება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსიაზე კი, "ქართული ოცნებიდან" – გელა სამხარაული, ხოლო "რესპუბლიკური პარტიიდან" ნოდარ ებანოიძე განიხილებიან.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მიმდინარე კვირას იწურება ორკვირიანი ვადა, როცა პარლამენტმა ევროპასთან ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები უნდა აირჩიოს.
კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების თუ მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს 14 დღის განმავლობაში ირჩევს.
ამასთან, თუკი ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა ან პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი კომიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან შვიდი დღის განმავლობაში არ წარადგენს, აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 დღეში კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.