"გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას "ლანჩხუთის "გურიას“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება _ ფედერაციაში გარიგებულ თამაშებზე საუბრობენ" კლუბის ყოფილი მენეჯერი ბექა კვიციანი ეხმაურება:
_ ვეხმაურები გურია ნიუსში გასულ მასალას, რომელიც ლანჩხუთის ,,გურია,,–ს ლიცენზირების საკითხს ეხება. კლუბის იურისტს ბატონ ვლადიმერ გვარჯალაძეს (კლუბის იურისტი ავტ.) სურს დამადანაშაულოს ლიცენზიის არაღებაში.
მსურს სახალხოდ განვაცხადო: ლანჩხუთის "გურია", როგორც საფეხბურთო კლუბი გახლავთ სრულიად ქართული სპორტის ერთერთი ფლაგმანი. ყოველთვის ვიცავდი და მომავალშიც დავიცავ მის სახელს და ღირსებას.
როგორც პროფესიონალი, რეალობიდან გამომდინარე ვუფრთხილდები პროფესიონალური კლუბის ავტორიტეტს, თუმცა უფლებას ვიტოვებ:
1. იმ შემთხვევაში თუ კვლავ გაგრძელდება ჩემი დადანაშაულება, გავასაჯაროვებ ხელთ არსებულ ყველა მასალას, რომელიც ნათლად ასახავს ,,გურია,,–ში მომხდარს ლიცენზირების კუთხით.
2. თუკი კლუბის მხრიდან არ ვიქნები მომავალში ნახსენები, სიჩუმეს აღვიქვამ როგორც ბოდიშს, _ აღნიშნულია კვიციანის მიერ "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ კლუბმა ლიცენზია ვერ მიიღო, რაშიც გუნდის იურისტი ფინანსისტს და მენეჯერს ადანაშაულებს:
_ ხალხი გვყავდა სპეციალურად გამოყოფილი. ერთი თვე დადიოდნენ ფედერაციაში, მიჰქონდათ დოკუმენტები, თუმცა, არაფერი გამოვიდა. მწვრთნელებს არ ჰქონდათ ლიცენზია და ვიყავით შეთანხმებულები, რომ ფედერაცია ვადას გააგრძელებდა. ეს ვერ მოასწრეს და ლიცენზიაც არ მოგვცეს.
აკაკი დობორჯგინიძე იყო ფინანსისტი და მენეჯერი იყო ბექა კვიციანი. ისინი სამსახურიდან იმის გამო გავათავისუფლეთ, რომ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ და სწორედ მათი ცუდი მუშაობის გამო ვერ მივიღეთ ლიცენზია, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას გვარჯალაძე.
აღსანიშნავია, რომ კვიციანმა და დობორჯგინიძემ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ თავად დაწერეს და გათავისუფლების ბრძანებაშიც ეს მიზეზია მოყვანილი.
"გურია ნიუსი" ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და თემის დეტალებს უახლოეს ხანში ვრცლად შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: ლანჩხუთის "გურიას“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება _ ფედერაციაში გარიგებულ თამაშებზე საუბრობენ; ლანჩხუთის „გურია“ ლიცენზიის გარეშე _ გამგებელი ფედერაციის წინააღმდეგ