საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლი, კაპრალი დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა.
"იგი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში“ და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.
რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის", _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.